ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის სექტორში სულ უფრო დიდ როლს ასრულებს. ისინი ეხმარება ექიმებს რთული ოპერაციების ჩატარებაში, მონაცემების ანალიზსა და დიაგნოზის დასმაში. ასევე სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს დისტანციური კონსულტაციები.
გარდა ამისა, ჩნდება აპლიკაციები, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავად, სახლის პირობებში იკონტროლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის საფუძველზეც პროგრამა მათ შესაძლო რისკების შესახებ აცნობებს და რეკომენდაციებს მისცემს. ამან კი, შეიძლება, პაციენტი ლეტალური რისკებისგანაც კი დაიცვას, რადგან პროგრამა მას ექიმთან დროულად გადაამისამართებს.
მნიშვნელოვანია, რომ უკვე ჩნდება მსგავსი აპლიკაციების ქართული ვერსიები. ერთ-ერთია „ბიტერიუმ ეიაის“ (BiteriumAI). მისი თანადამფუძნებლის ქეთევან ბოსიკაშვილის განმარტებით, ასეთი აპლიკაციები უკვე ხდება თანამედროვე ადამიანის ცხოვრების ნაწილი ისევე, როგორც გარკვეული დროის წინ სმარტფონი სიახლე იყო მომხმარებლებისთვის, მაგრამ ახლა უკვე ხანდაზმული ადამიანებისთვისაც კი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
ბოსიკაშვილის თქმით, მსგავსი სისტემები მთელ მსოფლიოში განსაკუთრებით იმ ფონზეა აქტუალური, როცა სხვადასხვა ქვეყანაში ექიმების დეფიციტია. მას მოჰყავს დიდი ბრიტანეთის მაგალითი, სადაც მედპერსონალი საჭიროზე 40%-ით ნაკლებია, ამ ხარვეზის აღმოფხვრის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება კი სწორედ ხელოვნური ინტელექტია.
ქეთევან ბოსიკაშვილის განმარტებით, BiteriumAI-ის ჩამოტვირთვა მომხმარებელს მარტივად შეუძლია. აპლიკაციაში ადამიანს შეჰყავს მისი მონაცემები - ასაკი, წონა, ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა თამბაქოს მომხმარებელი, როგორია მისი წნევა და ა.შ.
ამის შემდეგ მომხმარებელს შესაბამის ველში შეჰყავს მონაცემები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და სიმპტომებს შესახებ. აპლიკაციაში ამ ეტაპზე გულ-სისხლძარღვებთან დაავადებული პრობლემების პროგნოზირებაა შესაძლებელი.
სისტემის მიზანია, შესაძლო პრობლემები ადრეულ ეტაპზე იქნას აღმოჩენილი.
„პაციენტებს საშუალებას ვაძლევთ, სახლის პირობებში მოახდინონ საკუთარი ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგი. მაგალითად, დააფიქსირონ, აქვთ თუ არა თაბვრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, სახსრების ტკივილი და ა.შ. ხდება ამ მონაცემების ავტომატიზირება, ინფორმაცია ყოველდღიურად გროვდება და მომხმარებელიც მუდმივად იღებს უკუკავშირს. დაგროვილი მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია წინასწარ განისაზღვროს დაავადებების რისკი. ფაქტობრივად, ესაა 24-საათიანი მეგობარი ექიმი. მაგალითად, სისტემა წინასწარ განსაზღვრავს, 1 კვირის განმავლობაში როგორ შეიძლება განვითარდეს პაციენტის მდგომარეობა. თუ დავინახეთ, რომ რაღაც საეჭვოა, მას ექიმთან ვამისამართებთ.
„ჩვენ უნდა გავითავისოთ ასეთი სისტემების აუცილებლობა და დავინახოთ მისი სარგებელი. ჯანდაცვის მიმართულებით 2 წელია რაც ვმუშაობთ. დავიწყეთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. შემდეგ კი გვაქვს გეგმები სიმსივნეებთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა ბოსიკაშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი აპლიკაციები ექიმს ეხმარება, დეტალური ინფორმაცია მიიღოს პაციენტის შესახებ და მისი ავადმყოფობის სრული ისტორია ჰქონდეს - როგორი იყო მისი მდგომარეობა, როგორ იკვებებოდა, რა სიმპტომები ჰქონდა და ა.შ.
აპლიკაცია ქართულენოვანია და მოსახმარად საკმაოდ მარტივია.