მასშტაბური მოხსენების თანახმად, მსოფლიოში, ბოლო 20 წელიწადში ჭარბ წონასთან დაკავშირებული დაავადებებით (გულის დაავადებები და ინსულტი) გარდაცვლილთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა.

2000 წელს სხეულის მასის მაღალი ინდექსი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების მე-11 მიზეზი იყო. ჟურნალ Lancet-ის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის „დაავადებათა გლობალური ტვირთის“ მიხედვით კი ეს ფაქტორი უკვე მე-6 ადგილზე იყო გადანაცვლებული.

იმ ადამიანებში, რომლებიც ჭარბი წონის შედეგად იღუპებიან, ყველაზე ხშირად გვხვდება მაღალი წნევა, გულის პრობლემების, თირკმელების დისფუნქცია და დიაბეტის პრობლემები. 


პრობლემის გაღრმავების მთავარი მიზეზი გადამუშავებული საკვები პროდუქტების მაღალი მოხმარება და ცხოვრების უმოძრაო წესია. 


ამასთან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჰაერის დაბინძურება, ჭარბ წონასთან ერთად, დაავადებათა გლობალური ტვირთების ჩამონათვალში ყველაზე სერიოზული ფაქტორია.

მეცნიერების თქმით, მოზრდილობის ასაკში, ადამიანებს შორის ხშირად გვხვდება მაღალი წნევა, სხეულის მაღალი ინდექსი, სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა, ასევე ქოლესტერინის მაღალი დონე, ეს ყველაფერი კი გავლენას ახდენს ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.


მკვლევარებმა ასევე განაცხადეს, რომ 2050 წლამდე პერიოდში სიცოცხლის ხანგრძლივობის მატება გაგრძელდება, თუმცა ამ პროცესის ტემპები შემცირდება.

მეცნიერების პროგნოზით, 2050 წლისთვის ადამიანების გარდაცვალების მიზეზებს შორის მთავარი ფაქტორები იქნება გულის დაავადებები, ინსულტი, დიაბეტი და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციუული დაავადება.

ჭარბი წონის მსოფლიო ფედერაციის 2024 წლის  მონაცემებით, მამაკაცებს შორის სხეულის მასის ინდექსის სიხშირით საქართველო მსოფლიოს 200 ქვეყნიდან

26-ეა. სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ჭარბი წონა ზრდასრული მოსახლეობის 34.34 პროცენს აღენიშნება. 
ქალებში ჭარბი წონის მიხედვით კი საქართველოს უფრო კარგი მაჩვენებელი აქვს და ამ კუთხით რეიტინგის 57-ე პოზიციაზეა 36.47%-იანი წილით. 


ანტირეიტინგის პირველ რიგებშია შეერთებული შტატები, კატარი, რუმინეთი საუდის არაბეთი და სხვა.

ჭარბი წონის პრობლემების გაღრმავებასთან ერთად ქვეყანაში გაიზარდა მოთხოვნა ბარიატრიულ ქირურგიაზე. მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ კლინიკებს, სადაც წონის კლების ოპერაციები ტარდება, რეგულაციები დაუწესდათ. კერძოდ, დაწესებულებაში დასაქმებული უნდა იყოს სულ მცირე, ერთი ქირურგი მეტაბოლურ-ბარიატრიული ქირურგიის სფეროში მუშაობის გამოცდილებით. მას უნდა გააჩნდეს ლაპარასკოპიული ქირურგიის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება და გასული კალენდარული წლის განმავლობაში ჩატარებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე, 30 მეტაბოლურ-ბარიატრიული ქირურგიული ჩარევა.


ამასთან, სერვისის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, რადიოლოგის, შინაგანი მედიცინის სპეციალისტის, ენდოსკოპისტის და, საჭიროების შემთხვევაში,  სხვა სპეციალისტების (მათ შორის, ფსიქოლოგის) მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ადგილზე. გარდა ამისა, კლინიკებისგან მოთხოვნილია ისეთი მონაცემების წარმოდგენა,როგორიცაა: წონის დაკლების მაჩვენებელი მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ 1-წლიან პერიოდში; მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის შემდგომ 30-დღიანი გარდაცვალების მაჩვენებელი.  მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის სერვისში მონაწილე ყველა ქირურგი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში. 


ასევე განისაზღვრა ის ჩვენებები, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე ბარიატრიული ოპერაციის ჩატარება დაუშვებელია.

შეგახსენებთ, რომ ბარიატრიულ ოპერაციებს ანუ ისეთ ქირურგიულ ჩარევებს, რომლებიც პაციენტებს ჭარბი წონის დროს ენიშნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2019 წლიდან აღარ აფინანსებს. 
ბარიატრია არის ერთ-ერთი მიმართულება, რომლის განვითარებაც კერძო კლინიკებისთვის პრიორიტეტია. აღნიშნული ტენდენცია გამოიკვეთა კლინიკების მიერ წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში.

აბგარიშგებების თანახმად, კლინიკები ცდილობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დამოკიდებულების შემცირებას და სწორედ ამ მიზნით სურთ სხვადასხვა მიმართულების განვითარება. ამ მიმართულებებს შორისაა ბარიატრიაც.