ბოლო პერიოდში საქართველოში ბარიატრიულ ანუ წონის კლების მიზნით ჩატარებულ ოპერაციებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. კლინიკებმა ამ მიმართულების განვითარება უახლოესი წლების გეგმებში ჩადეს. აღნიშნული ოპერაცია 2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან არ ფინანსდება, თუმცა, მიუხედავად ოპერაციის მაღალი ღირებულებისა, პაციენტების მიმართვიანობა იმდენად მაღალია, რომ კლინიკებისთვისა და ცალკეული ქირურგებისთვის ეს ერთ-ერთ წამყვან საქმიანობად იქცა.

მოთხოვნის ზრდასთან ერთად იზრდება ასეთ ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები.

სამედიცინო ეკოსისტემა "პინეოს" ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ ჯანელიძის თქმით, გარკვეულ შემთხვევებში, როცა ეს ოპერაცია აუცილებელია პაციენტის სამედიცინო ჩვენებებიდან და სხვა თანხმლები დაავადებებიდან გამომდიმარე, ის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უნდა ფინანსდებოდეს. ქირურგის არგუმენტი ისაა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით გარდაიცვლება პაციენტი, სიმსუქნემ კი, შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, რომლებსაც ფატალური გართულების რისკები ახლავს.

„სიმსუქნე ასოცირდება დაავადებებთან - გულსისხლძარღვთა, საყრდენ- მამოძრავებელ, ნერვულ დაავადებასთანაც კი. 


რეალურად ასე ხდება, რომ სიმქუქნე არის ავადმყოფობა, რაც დამატებით პათოლოგიებს იწვევს.
არის სიტუაციები, როცა ქირურგიულ ოპოერაციას ვერ გავექცევით, თუმცა არის ისეთი სიტუაციებიც, რომლებიც რისკისა და სარგებლის შეფასების მიხედვით უნდა შეფასდეს,“ - განაცხადა მერაბ ჯანელიძემ.

მისი თქმით, რისკი უნდა იყოს გამართლებული და არა მოდიდან ან ტრენდიდან ან მხოლოდ პაციენტის სურვილიდან გამომდინარე. ამასთან, მისივე პოზიციით, გადაწყვეტილება რამდენიმე ექიმმა ერთად უნდა მიიღოს.

ჯანელიძის ინფორმაციით, რისკს ქმნის ისიც, რომ ძალიან ბევრი პაციენტი ამ ოპერაციის გაკეთების მიზნით მეზობელ თურქეთში მიემგზავრება, რადგან

იქ ეს ქირურგიული ჩარევა ბევრად იაფი ღირს. თუმცა, ამავდროულად, კეთდება მხოლოდ 1-დღიანი კვლევის საფუძველზე. ამასთან, ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ პაციენტი საჭიროებს ერთთვიან მეთვალყურეობას, რაც ოპერაციის თურქეთში  გაკეთების პირობებში ვერ სრულდება. 
შედეგად კი, როგორც ქირურგი ამბობს, თურქეთში ბარიატრიული ოპერაციის მიზნით თვეში რამდენიმე ათეული პაციენტი მიდის. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი რისკების გამო, ბოლო პერიოდში იყო რამდენიმე ფატალური შემთხვევა.

მერაბ ჯანელიძის განცხადებით, ბარიატრიული ოპერაციის შედეგად გარდაცვალების რისკები მსოფლიო მასშტაბით თითქმის 2%-ია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამიტომ, პაციენტებისადმი მისი რჩევაა, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იკვებონ ხარისხიანად, ხოლო ბარიატრიულ ქირურგს მხოლოდ მას შემდეგ მიმართონ, როცა ამ ზომებს სხეულის წონა არ ემორჩილება და თანმხვედრი დაავადებების გართულების რისკს თავიდან ვერ ვირიდებთ.