კანონპროექტის განხილვას, რომელიც სუროგაციასა და ინვიტრო განაყოფიერებას უცხოეთის მოქალაქეებისთვის საერთოდ კრძალავს, სუროგაცია კი საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში უანგარიბის პრინციპზე გადაჰყავს, საპარლამენტო კომიტეტები სექტემბრიდან დაიწყებენ.

დარგის წარმომადგენლები სუროგაციის ნაწილში კანონპროექტს არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა მოითხოვენ, რონ ინვიტრო განაყოფიერება უცხოელებისთვის უპრობლემოდ იყოს დაშვებული.

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის GGRC-ის დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე ამბობს, რომ ინვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

„სამედიცინო ტურისტებად ჩამოსული ადამიანები უმეტესწილად საჭიროებენ ინვიტრო განაყოფიერებას. რატომ ვეუბნებით უარს იმ პაციენტებს, ვისაც არ სჭირდებათ სუროგატი დედა და სჭირდებათ უბრალოდ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია? რასაც ჩვენი კანონმდებლობა გვეტყვის, იმას შევასრულებთ, მაგრამ როგორც ექიმებს, გვინდა, გვქონდეს საშუალება, არცერთი ქვეყნის მოქალქეს უარი არ ვუთხრათ მკურნალობის მეთოდზე. სუროგაცია როგორც უნდათ ისე დაარეგულირონ, რადგან ეს თემა მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და ჩვენთვისაც. მაგრამ ვსაუბრობთ ინვიტრო განაყოფიერებაზე, როგორც მკურნალობის მეთოდზე ყველა იმ ონკოლოგიური პაციენტისთვის, ყველა იმ ქალისთვის, ვისაც უნდა შვილოსნობის გადავადება,“ - აცხადებს მუსერიძე და ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროსგან კლინიკებს აქვთ ნუსხა, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს წყვილი, რომ მათ ინვიტრო განაყოფიერების სერვისი მიაწოდონ. კერძოდ, მათ უნდა ჰქონდეთ ქორწინების მინიმუმ ერთწლიანი პერიოდი.

„ერთად უნდა განვსაზღვროთ სწორი მიმართულება, რომ მედიცინის ეს დარგი არ დავაკნინოთ,“- განაცხადა ნინო მუსერიძემ.

ჯანდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან დაწესებული მოთხოვნები არ არის დაზღვევა გარკვეული მანკიერი პრაქტიკისგან. როგორც ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს სამწუხარო ფაქტები იყო როგორც ინვიტრო განაყოფიერების, ისე სუროგაციის შემთხვევაში და მოქმედი შეზღუდვის მიუხედავად, არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, ბავშვი დაბადებამდე მოხვდეს ქვეყნის გარეთ და სხვა ქვეყანაში დაიბადოს, სადაც არსებობს ამ ბავშვის გაშვილებისა და, როგორც მინისტრმა აღნიშნა, „გასხვისების“ რისკები.

„სამწუხაროდ ეს კომერციულ ნაწილად იქცა და ამ გზით საქართველოდან გადის როგორც ქართული გენი, ისე საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ არასწორი მიზნებისთვის,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ამ საკითხზე სფეროს წარმომადგენლებთან მრავალთვიანი განხილვები იყო, მანამდე კი მრავალწლიანი საუბრები მიმდინარეობდა და იმ კრიტერიუმებით, რომელიც პარლამენტში შესულ კანონპროექტშია გათვალისწინებული, ესაა ჩვენი ქვეყნის რეალობაზე მორგებული დოკუმენტი, რომელიც ყველა შესაძლო რისკს აზღვევს.