სამეანო-გინეკოლოგიური სერვისების სექტორში კონკურენცია იზრდება. 


ამ საკითხზე საუბარია სს „ჩაჩავას კლინიკა“ ფინანსურ ანგარიშგებასა და მმართველობის ანგარიშგებაში, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბერს დასრულებულ წელს მოიცავს.

„სამედიცინო ბაზარზე გამოჩნდა სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის ახალი სამედიცინო დაწესებულებები. თუ წარსულში თბილისის სამედიცინო ბაზარზე ოპერირებდა 10-მდე სამეანო-გინეკოლოგიურ პროფილის სტაციონარული დაწესებულება, დღეს მათი რაოდენობა 25-მდე გაიზარდა (თითოეული დაწესებულება მოსახლეობას როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორულ სერვისებს აწვდის),“ - ნათქვამია დოკუმენტში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საანგარიშო წელს პაციენტების რაოდენის ზრდის პარალელურად და ასევე, მედიკამენტებზე და დამხმარე სახარჯ მასალაზე ფასების ზრდის გამო, მკვედრად გაიზარდა გაწეული ხარჯები. 2021 წელს კომპანიის მოგებამ 1,538,942 ლარი შეადგინა, 2022 წელს კი - 734,515 ლარი.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს სამედიცინო ბაზარზე ჩაჩავას კლინიკის მიერ მიწოდებული სამეანო სერვისების წილი სტაბილურად მაღალია და 2022 წელს 4.2%-ს შეადგინა. ხოლო თბილისში კლინიკის მიერ მიწოდებული სამეანო სერვისების წილი 2022წელს 12.6% დაფიქსირდა. 2022 წელს კლინიკაში სულ გატარდა 31 576, რაც 1285 პაციენტით მეტია 2021 წლის მონაცემებთან შედარებით.


მთავარ რისკებს შორის დასახელებულია სამედიცინო ბაზარზე არსებული კონკურენცია, კერძოდ, სამეანო-გინეკოლოგიური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებათა სიმრავლე, ასევე ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ინფრასტრუქტურულ ცვლილებებსა და რესურსტევადი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება, სამედიცინო აპარატურისა და სათადარიგო ნაწილების ფასების ზრდა და/ან დეფიციტი, წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდა, კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა და ადამიანური რესურსების დენადობა.

ჩაჩავას კლინიკის პრივატიზაცია 2010 წელს განხორციელდა. ის მოსახლეობას 100-ზე მეტი დასახელების სამედიცინო სერვისს აწვდის.