უკრაინის ომმა მუტირებული სუპერბაქტერიების განვითარების პროცესი გააღრმავა. ესაა ბაქტერიები, რომლებზეც ატიბიოტიკები ვერ მოქმედებს.
თემას The Sunday Times-ი აშუქებს და წერს, რომ ექიმები ერთ-ერთ დაჭრილ ჯარისკაცთან დაკავშირებულმა შემთხვევამ შეაშფოთა, რომელსაც ანტიბიოტიკები ვერ დაეხმარა.
ექიმების თქმით, ეს შემთხვევა მზარდ კრიზისზე მიანიშნებს.
35 წლის მეომარს ღრმა ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, რომლებსაც ლონდონის კლინიკის ექიმებმა მალევე უმკურნალეს, თუმცა შეიქმნა დიდი პრობლემა - ჭრილობების სიღრმეში ბაქტერიული ინფექცია განვითარდა.
ექიმებმა 5 სხვადასხვა ანტიბიოტიკი გამოიყენეს, თუმცა ბაქტერიებს ბოლომდე ვერცერთი მათგანი ვერ მოერია. შედეგად, ჯარისკაცს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკვე ათწლეულებია, ექიმები ამ საფრთხეზე საუბრობენ. მათი თქმით, დადგება დრო, როცა ანტიბიოტიკები სრულიად გამოუსადეგარი გახდება.
ინფექციონისტმა ლიუქ მურმა, რომელიც ჯარისკაცის დასახმარებლად გამოიძახეს, ანტიმიკრობული რეზისტენტობა დაახასიათა, როგორც „ჩუმი პანდემია.“
თუ ბაქტერიები მუტაციას გააგრძელებენ, ეს ჩვეულებრივ სამედიცინო დახმარებასაც კი საფრთხის ქვეშ დააყენებს. მაგალითად, ბავშვისთვის გლანდების ბანალური ამოჭრა პაციენტის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იქნება.
„ეს საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს შესაძლებლობას, ჩავატაროთ მარტივი ქირურგიული ოპერაციები. ეს ემუქრება იმას, რომ კიბოთი დაავადებულებს ქიმიოთერაპია ჩავუტაროთ,“ - აღნიშნა მურმა.
საკითხი იმდენად სერიოზულია, რომ მის განხილვას და გარკვეული შეთანხმების მიღწევას მსოფლიო ლიდერები, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გეგმავენ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ჯარისკაცის შემთხვევა ერთადერთი მსგავსი ფაქტი არაა. ასეთი შინაარსის ცნობები ვრცელდება ნორვეგიიდან, ნიდერლანდებიდან და გერმანიიდან, სადაც მედიკოსები უკრაინაში დაჭრილ მეომრებს მკურნალობენ.
ამ ფონზე, საქართველო აცხადებს, რომ აქვს პოტენციალი, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან ბრძოლის მსოფლიო ჰაბი გახდეს.
ფაგების მწარმოებელ კომპანია „ბიოქიმფარმში“ აცხადებენ, რომ დღეს ფაგები ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის საკითხი საქართველოშიც, ისევე როგორც მსოფლიოში, აქტუალურია, მათ შორის – ჰოსპიტალური ინფექციების მხრივ არსებული ვითარების გამო, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზადაც ანტიბიოტიკების არაადეკვატური მოხმარება და მათ მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობა სახელდება. ექსპერტების თქმით, ჰოსპიტლებში ინფექციების შიდა გავრცელების ერთ-ერთი ფაქტორი ისაა, რომ ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენების შედეგად მათ მიმართ მოსახლეობაში ჩამოყალიბებულია რეზისტენტობა – ანუ მდგომარეობა, როდესაც ანტიბიოტიკი აღარ მუშაობს და ინფექციას ვერ ერევა.