2026 წლის 26 იანვრიდან ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრი ამოქმედდა. რისთვისაა საჭირო ეს მექანიზმი?
განმარტებები კეთდება საექთნო ასოციაცია "ნუმანე"-ში, სადაც აცხადებენ, რომ 2027 წლის 1 ივლისიდან რეგისტრაციის გარეშე მუშაობა უკანონოდ ჩაითვლება.

„გვსურს განგიმარტოთ რეგისტრაციის მნიშვნელობა:


საქმიანობის კანონიერი უფლება 2027 წლის 1 ივლისიდან საქართველოში საექთნო საქმიანობის უფლება ექნება მხოლოდ იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია ერთიან სახელმწიფო რეესტრში. პროფესიული სტატუსის დადასტურება რეესტრი არის გარანტი იმისა, რომ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ეს ზრდის პროფესიის ავტორიტეტს და ნდობას პაციენტების მხრიდან.


ერთიანი სახელმწიფო ბაზა აქამდე ქვეყანაში არ არსებობდა ზუსტი მონაცემები ექთნების რაოდენობისა და მათი კვალიფიკაციის შესახებ. რეესტრი საშუალებას მისცემს სამინისტროს, უკეთ დაგეგმოს პროფესიული განვითარების პროგრამები და გადამზადების კურსები.

კარიერული წინსვლა და უსაფრთხოება - რეგისტრირებული ექთანი სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ეს პროცესი არის პირველი ნაბიჯი საექთნო საქმის რეფორმისკენ, რაც მომავალში პროფესიულ ლიცენზირებასა და სტატუსის ამაღლებას გულისხმობს.

გახსოვდეთ: რეგისტრაცია არ არის მხოლოდ ფორმალობა — ეს არის თქვენი პროფესიული საქმიანობის დაზღვევა 2027 წლის 1 ივლისის შემდეგ!

ნუმანეს ასოციაცია გირჩევთ, გაიაროთ რეგისტრაცია დღესვე, რათა მშვიდად განაგრძოთ თქვენი საპასუხისმგებლო საქმიანობა,“ - აცხადებენ ასოციაციაში და ასევე განმარტავენ, რომ სამინისტრო და რეგულირების სააგენტო უცხოეთში მცხოვრები ექთნების რეგისტრაციის საკითხზე მუშაობენ და ინფორმაცია იმის შესახებ, რა ფორმით და რა ვადებში შეძლებენ საზღვარგარეთ მყოფი ექთნები რეგისტრაციის გავლას, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

ამასთან, თუ პირს აქვს 2007 წლამდე გაცემული სერტიფიკატი ან დიპლომი, სადაც არ არის მკაფიოდ მითითებული „საექთნო კვალიფიკაცია“, შესაძლოა დასჭირდეს მისი აღიარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ხარვეზის აღმოსაფხვრელად სისტემა 30 დღეს იძლევა, ამიტომ პროცესის ადრე დაწყება აუცილებელია. 
რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დიპლომი, ისინი რეესტრში ვერ დარეგისტრირდებიან, თუმცა მათ აქვთ მუშაობის უფლება 2027 წლის 1 ივლისამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ, დიპლომის გარეშე პირი შეიძლება დასაქმდეს მხოლოდ ექთნის თანაშემწედ.

ასოციაციის განმარტებით, რეგისტრაციის პროცესი დროს მოითხოვს. ამიტომ თუ  დოკუმენტაციას ხარვეზი აღმოაჩნდება, პირს საკმარისი დრო ექნება მის გამოსასწორებლად და სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად.