„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით დაკისრებული ვალდებულების შესაბამისად, კლინიკებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების აყვანა ან გადამზადება დაიწყეს. ტარდება შესაბამისი ტრენინგები. ეს ვალდებულება სამედიცინო დაწესებულებებს დამატებით ხარჯებს აკისრებს აღნიშნული პერსონალისთვის ხელფასების გადახდის გამო.
ცვლილების შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულად მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა.
სწორედ ამ პერიოდიდან ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, დანიშნოს ან განსაზღვროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ოფიცერი უზრუნველყოფს თანამშრომლების ინფორმირებას პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნულ თემატიკაზე შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას და სხვა.
მაია მახარაშვილი ამბობს, რომ ეს ვალდებულება კლინიკებისთვის „ზედმეტი თავსატეხია“, რადგან რთულია შესაბამისი კადრების მოძიება. ამიტომ ხეჩინაშვილის კლინიკამ აღნიშნული ფუნქციები იურისტს შეუთავსა, რომელიც სათანადო გადამზადებას გადის.
„კლინიკებმა უნდა შეიმუშავონ შესაბამისი ინსტრუქცია, გადამზადდნენ რეგისტრატორები. ამასთან, იწყება მათ მიერ ვალდებულების შესრულების პერიოდული მონიტორინგი - ოფიცერმა თვეში ერთხელ უნდა ამოიღოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ა.შ. თუმცა პაციენტის პირადი ინფორმაციის დაცვას კანონი მანამდეც გვავალდებულებდა. მას შემდეგ, რაც დავიწყეთ ელექტრონულ პორტალზე ატვირთვა, პაციენტებს ისედაც ვთავაზობთ ინფორმირებულ თანხმობაზე ხელის მოწერას - სურთ თუ არა მათი ინფორმაცია ღია იყოს მესამე პირისთვის. კანონის მიხედვით, ეს ინფორმაცია ტექნოლოგიურად ისედაც დაცული უნდა იყოს. ახლა ამ ყველაფერზე კონკრეტული პირი იქნება პასუხისმგებელი. მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ - ჩვენთან თავისებური საზოგადოებაა. საქართველოში პაციენტის შესახებ ინფორმაციის მიღება მის არაერთ ნათესავსა და ახლობელს სურს, ამ მიზნით რეკავენ ნაცნობ ექიმებთან და ა.შ. ექიმის მხრიდან კი ინფორმაციის გაცემას თავისი წესი აქვს. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, ექიმს პრობლემები შეექმნას. ასევე, როცა რაიმე რეზონანსული შემთხვევის შედეგად პაციენტი კლინიკაში მიჰყავთ, მედიასაშუალებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალები აინტერესებთ, თუმცა პაციენტსა და მის ოჯახს აქვს უფლება, კლინიკას ნებისმიერი ინფორმაციის გაცემა აუკრძალოს. დიდი საინფორმაციო კამპანიაა გასაწევი იმ მიზნით, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამ კუთხით საკუთარი ვალდებულებები,“ - განაცხადა მაია მახარაშვილმა.
jandacva.ge