2013 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში, საქართველოში ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში კერძო ჯანდაცვის დაზღვევის წილი 14%-დან 7%-მდე შემცირდა.
ამის შესახებ შპს „ჯეო ჰოსპიტალსისა“ და მისი შვილობილი კომპანიების კონსოლიდირებულ ფინანსურ და მმართველობის ანგარიშგებაშია აღნიშნული.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2013-2022 წლებში სახელმწიფოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გაფართოებასთან ერთად, ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯებში ჯიბიდან გაღებული დანახარჯების წილი 65%-იდან (2013) 43%-მდე შემცირდა (2022). აღნიშნულ პერიოდში კერძო ჯანდაცვის დაზღვევის წილი მთლიან ხარჯებში 14%-დან 7%-მდე შემცირდა, ხოლო სახელმწიფო დანახარჯების წილი 20%-იდან 50%-მდე გაიზარდა.
დოკუმანტის თანახმადვე, ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნაზე დიდ გავლენას ახდენს მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა, გამონაკლისს წარმოადგენს 2022 წელი, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში მიგრაციული ნაკადები გაიზარდა. ქვეყნიდან ახალგაზრდა მოსახლეობის ემიგრაცია და შობადობის შემცირება უარყოფით გავლენას ახდენს ჯანდაცვის სერვისების მოთხოვნაზე.
jandacva.ge