სადაზღვევო კომპანიების შემოსავალი წელს პირველად გადააჭარბებს 1 მლრდ ლარს. ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა განაცხადა. 
შეგახსენებთ, რომ 16-18 ნოემბერს, ხუთი მარეგულირებელი უწყების - დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, II საერთაშორისო კონფერენცია  „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ იმართება.  ღონისძიების მიზანი საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა.


გახსნითი სესია სახელწოდებით - „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები სექტორულ ჭრილში - შედეგები, მიღწევები, გამოწვევები“, მარეგულერებელი უწყებების ხელმღვანელებმა წარადგინეს.

„მოხსენებაში წარმოდგენილი იყო სადაზღვევო სექტორის 2022 წლის შედეგები და ასევე, 3 კვარტლის რეზულტატები, რომელიც შედარებული გვქონდა შარშანდელი წლის 9 თვესთან. ბაზარი არის მზარდი, 3 თვე დარჩა და და უკვე პროგნოზირებადია, რომ 2023 წელს პირველად გადააჭარბებს სადაზღვევო პრემია, ანუ, სადაზღვევო კომპანიების შემოსავალი 1 მლრდ ლარს. მთლიანობაში სექტორი ვითარდება, თუმცა, არის მიმართულებები, რომელსაც განვითარება სჭირდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანოზაციებთან, რათა რიგი პროდუქტები დაფუძნდეს საქართველოს ბაზარზე“ - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა. საუბარია შემოსავლების (მოზიდული პრემიის) ზრდაზე.
ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე მოზიდვები 21%-ით გაიზარდა, ზარალიანობის მაჩვენებელი კი 5%-ით შემცირდა. 

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2023 წლის 6 თვის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზრის 47% ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის.