მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მონაცემებით, 2024 წელი, ჰაერის ტემპერატურის მონიტორინგის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე ცხელი წელი აღმოჩნდა. დღისით 40 და 50 გრადუს ცელსიუსზე მეტი ტემპერატურა სულ უფრო ხშირი ხდება, რაც ხაზს უსვამს მთელ მსოფლიოში დასაქმებულთა მზარდი სითბური სტრესისგან დამცავი ზომების მიღების აუცილებლობას. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მასში ასევე ნათქვამია, რომ ტემპერატურის მატების ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას უკვე განიცდის მრავალი ადამიანი, რომლებიც რეგულარულად მუშაობენ სახიფათო პირობებში, განსაკუთრებით ფიზიკურად დასაქმებულები ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და თევზაობა. სიცხის ტალღების ზრდა ასევე ზრდის ავადობის შემთხვევებს დაუცველ ჯგუფებში, მათ შორის ბავშვებში, ხანდაზმულებსა და ღარიბებში განვითარებად ქვეყნებში.

„თბური სტრესი უკვე ზიანს აყენებს მილიარდობით დასაქმებულის ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველებს. ეს ახალი სახელმძღვანელო პრინციპები გვთავაზობს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს, რათა დავიცვათ სიცოცხლე... გლობალური დათბობის ეპოქაში არსებული უბედურების ფონზე“,  - განაცხადა ჯერემი ფარარმა, ჯანმოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის გენერალური დირექტორის თანაშემწემ.

მას შემდეგ, რაც გაერო უკიდურესი სიცხის წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებით გამოვიდა, მსოფლიო კვლავ ცეცხლშია გახვეული.
ახალი ანგარიში და ტექნიკური სახელმძღვანელო, „კლიმატის ცვლილება და სამუშაო ადგილზე სითბური სტრესი“, ეფუძნება ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში დაგროვილ სამეცნიერო კვლევებსა და მტკიცებულებებს, რაც ცალსახად აჩვენებს, რომ ტემპერატურის მატება დამანგრეველ გავლენას ახდენს ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზე.

„სამუშაო ადგილზე სითბური სტრესი გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად იქცა, რომელიც, როგორც ევროპაში ბოლო დროს მომხდარი სიცხის ტალღა აჩვენებს, აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ეკვატორთან ახლოს მდებარე ქვეყნებით“, - განაცხადა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, კო ბარეტმა. მისივე თქმით, დასაქმებულთა სითბური სტრესისგან დაცვა არა მხოლოდ ჯანმრთელობის მოთხოვნა, არამედ ეკონომიკური აუცილებლობაცაა.

ჯანმოს განცხადებით, ექსტრემალური სიცხის სიხშირე და ინტენსივობა მკვეთრად გაიზარდა, რაც დამატებით რისკებს ქმნის როგორც გარეთ, ასევე შენობაში მომუშავე პირებისთვის. 20 გრადუს ცელსიუსზე ზემოთ, ყოველი გრადუსის შემთხვევაში, პროდუქტიულობა 2-3 პროცენტით მცირდება. სიცხის ორგანიზმზე საშიში ზემოქმედება მოიცავს სითბურ დარტყმას, დეჰიდრატაციას, თირკმლის დისფუნქციას და ნევროლოგიურ დარღვევებს, რაც გრძელვადიან საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და ეკონომიკურ უსაფრთხოებას.

დირექტივა ადგენს მკაფიო ალგორითმს, რომელიც საშუალებას აძლევს სამთავრობო უწყებებს, დამსაქმებლებს და ჯანდაცვის ორგანოებს შეამცირონ ექსტრემალური სიცხის მზარდი რისკები მომუშავე მოსახლეობისთვის. კერძოდ, მათ ურჩევენ შეიმუშაონ პოლიტიკის ჩარჩო დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვისთვის სიცხის უარყოფითი ეფექტებისგან, რაც ითვალისწინებს სპეციალური სამოქმედო გეგმებისა და საზოგადოების შეტყობინების სქემების მომზადებას ამინდის პირობების, სხვადასხვა პროფესიის მახასიათებლებისა და საშიში წარმოების ფაქტორების გათვალისწინებით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ასევე მოსახლეობის დაუცველ ჯგუფებს, განსაკუთრებით საშუალო ასაკის და ხანდაზმულ დასაქმებულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ასევე შემცირებული ფიზიკური გამძლეობის მქონე პირებს, რომლებიც უფრო მგრძნობიარენი არიან გადახურებით გამოწვეული გართულებების მიმართ.

ჯანმოს ანგარიში და ტექნიკური რეკომენდაციები ავსებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ყოველწლიურად 2.4 მილიარდი დასაქმებული სამუშაო ადგილზე ჭარბი სიცხის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, რის შედეგადაც პროფესიული დაზიანებების შემთხვევები წელიწადში 22.85 მილიონზე მეტს შეადგენს.


კლიმატური კრიზისის დაჩქარებასთან ერთად, რეკომენდაციები მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცევა, რათა დაეხმაროს ქვეყნებს ეფექტური ზომების მიღებაში სიცოცხლის, საარსებო წყაროებისა და ეროვნული ეკონომიკის დასაცავად ექსტრემალური სიცხის მზარდი საფრთხისგან.