ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-60 სესიის ფარგლებში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება: „ცხოვრება უფლებებით: აუტიზმი, მზრუნველობა, მხარდაჭერა და ინკლუზია“.
სესიაზე სიტყვით გამოვიდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე. მოდერატორი იყო ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა
საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე.
სესიაზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად არსებული გამოწვევები განიხილეს და იმ საუკეთესო პრაქტიკაზე იმსჯელეს, რომელიც აუტიზმის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ არის მიმართული.
ღონისძიებაზე მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აუცილებელია როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური გარემოს შექმნას და თანაბარი
შესაძლებლობების უზრუნველყოფას.
სესიაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის წევრი რეჰაბ მოჰამედ ბორესლი და სხვა ოფიციალური პირები.