ბოლო წლების განმავლობაში კლინიკებისა და კონკრეტული ექიმების წინააღმდეგ სამედიცინო დავების რაოდენობა იმატებს, რაც ამ კუთხით პაციენტების ცნობიერების ზრდის შედეგია. იურისტები ამბობენ იმასაც, რომ სასამართლო პრაქტიკაში საკმაოდ რთული შემთხვევებიც განიხილება.

მათ შორის ერთ-ერთი ეხებოდა სისხლის გადასხმის საკითხს. ამ „ქეისის“ შესახებ სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი, სამედიცინო დავების ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია საუბრობს.

მისი თქმით, პაციენტი იეჰოვას მოწმე იყო. ის ავტოავარიში მოყვა და დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. ავტოავარიამდე ორი წლით ადრე კი მას გამოხატული ჰქონდა სამართლებრივად გამართული, წერილობით ჩამოყალიბებული ნება, რომლის თანახმადაც, არცერთ შემთხვევაში, თუკი ამის საჭიროება დადგებოდა, მისთვის სისხლი არ უნდა გადაესხათ. 

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ არავის არ აქვს უფლება, ეჭვი შეიტანოს მისი ნების აღსრულებაში, რადგან ესაა ნება, რომელიც უკუქცევას არ ექვემდბარება და არავის აქვს უფლება, არ გაითვალისწინოს ეს.
 
 ნინო ლიპარტია განმარტავს, რომ წერილი შედგენილი იყო იმ პირობებში, როცა პაციენტი ჯანმრთელი იყო და მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. მას შემდეგ, რაც ის უმძიმეს ავარიაში მოყვა და კატასტროფის ბრიგადამ ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გადაიყვანა, დადგა ვითარება, როცა სისხლის გადასხმის გარეშე მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა.

კლინიკამ იცოდა პაციენტის ნების შესახებ და ექიმი დადგა დილემის წინაშე, როგორ მოქცეულიყო. უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ოჯახის ყველა წევრმა უარი თქვა მისთვის სისხლის გადასხმაზე და ამას მხოლოდ ერთი დედმამიშვილი დათანხმდა, რომელმაც აღნიშნა, რომ რომ ამას მათ ღმერთი აპატიებდა. პაციენტი გადარჩა და შემდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ზიანის ანაზღაურებაზე. საინტერესოა, რომ სააპელაციო სასამართლომ პაციენტის ნების გაუთვალისწიებლობა დაადგინა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით კლინიკას  1000 ლარის გადახდა დაავალა. თუმცა უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის ნება წინასწარ იყო გამოხატული, ეს მოხდა იმ დროს, როცა ის საღ გონებაზე იმყოფებოდა და მის ჯანმრთელობას იმ მომენტში საფრთხე არ ემუქრებოდა. ხოლო როცა ის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ექიმმა მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, ექიმი გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან. თუმცა, ნინო ლიპარტიას განცხადებით, როცა პაციენტი სისხლის გადასხმაზე უარს უშუალოდ ოპერაციის წინ ამბობს, მისი ნების გაუთვალისწინებლობა კანონდარღვევაა. 


სამედიცინო სამართლის საკითხების აქტუალიზაცია ბოლო პერიოდში, რამდენიმე ინიციატივის შედეგად მოხდა. 2024 წლის 15 ივნისს საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრისა და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით, სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი ჩატარდა.

კონგრესის ფარგლებში განხილულ იქნა სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები, მათ შორის: პაციენტის ავტონომიის უფლება; ინფორმირებული თანხმობის სამედიცინო ასპექტები; ექიმის საქმიანი რეპუტაციის დაცვის სტანდარტი; სამედიცინო მომსახურების გამწევის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზოგადი საკითხები; მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემატიკა სამედიცინო დავების წარმოებისას, სამედიცინო მუშაკთა პასუხისმგებლობის დაზღვევის ასპექტები და სხვა.