პლასტიკის ბოთლში შემავალი ნივთიერება დიაბეტი ტიპი-2-ის განვითარების რისკს ზრდის. ასეთია ახალი კვლევის შედეგი, რომელიც ჟურნალ Diabetes-ში გამოქვეყნდა და რომლის თანახმადაც, ამ ბოთლებში გამოყენებულმა ერთ-ერთმა ნივთიერებამ - BPA-მ, შესაძლოა, შეამციროს ორგანიზმის მგრძნობელობა  ინსულინის ჰორმონის მიმართ, რომელიც შაქრის მეტაბოლიზმს არეგულირებს. 


კვლევის ავტორები მოუწოდებენ შესაბამის სტრუქტურებს, გადახედონ საკვებ კონტეინერებსა და ბოთლებში BPA-ს უსაფრთხო საზღვრებს.

მანამდე გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, პლასტმასის შემადგენლობაში შემავალმა ნივთიერებებმა, შესაძლოა, ადამიანის ჰორმონალურ ფონში ცვლილებები გამოიწვიოს.

კვლევის პროცესში  40 ჯანმრთელ ადამიანს, სხეულის ერთ კილოგრამ წონაზე დღეში BPA-ს 50 მიკროგრამ დოზას აძლევდნენ. ესაა ის ზღვარი, რომელსაც გარემოს დაცვის სააგენტო უსაფრთხოდ მიიჩნევს. 

4 დღის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც BPA-ს იღებდნენ, ინსულინის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეები იყვნენ, პლაცებოს ჯგუფში კი მსგავსი ცვლილება არ გამოვლენილა. 

ამ შედეგების გათვალისწინებით, მეცნიერები ამბობენ, რომ საჭიროა, აღნიშნული ნივთიერების დასაშვები ზღვარი აიწიოს. ამასთან, სპეციალისტები ამბობენ, რომ პლასტმასის ნაცვლად შესაფუთი მასალის უჟანგავი რკინით დამზადება რისკებს შეამცირებდა. 

თუმცა პლასტიკის ბოთლები მარტივი მოსახმარი და მოსახერხებელია, რის გამოც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. თუმცა სულ უფრო მეტი მკვლევარი გამოთქვამს შეშფოთებას ამ პროდუქტის მავნებლობის გამო ადამიანის ორგანიზმისთვის.