საპარლამენტო უმრავლესობაში უცხოელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების გადავადებას კერძო სექტორის მოუმზადებლობით ხსნიან.
ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომელმაც ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს წარადგინა.
პარლამენტმა 79 ხმით, „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.
ცვლილება ითვალისწინებს საქართველოში შემომსვლელი ტურისტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნის თაობაზე მოქმედ კანონში არსებული მუხლის ამოქმედების ვადის გადაწევას 2026 წლის 1 იანვრამდე ნაცვლად 2024 წლის 1 ივნისისა.
კერძოდ, პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ახალი რეგულაციების დანერგვა და ამოქმედება საჭიროებს მრავალსაფეხურიან მოსამზადებელ პროცესს, მათ შორის კერძო სექტორის, ასევე, უცხო ქვეყნის საელჩოებისა და საკონსულოების სათანადო ინფორმირებას, საინფორმაციო კამპანიების წარმოებას და სხვა შესაბამისი სახის ღონისძიებების გატარებას, რაც ეფექტიანად დაეხმარება სექტორს აღნიშნულ ცვლილებებთან ადაპტირების პროცესში. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დადგენილების შემუშავების პროცესში გამოიკვეთა, რომ კერძო სექტორი ადაპტირებისთვის დამატებით ვადებს საჭიროებს და ამ ეტაპისთვის მოსალოდნელ ცვლილებებს მომზადებული ვერ ხვდება. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა აღნიშნული ცვლილების განხორციელება.“
შეგახსენებთ: აღნიშნულ საკითხზე უწყებათაშორისი კომისია მუშაობდა და მთავრობის შესაბამისი დადგენილება 1 ივნისამდე უნდა დამტკიცებულიყო.
ტურიზმის შესახებ კანონის შესაბამისად, მთავრობას 2024 წლის 1 ივნისამდე უნდა მიეღო „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება. აღნიშნულს სწორედ ტურიზმის შესახებ კანონი ითვალისწინებს.