კერძო სამედიცინო დაზღვევის პოლისების რაოდენობის კვარტალური ზრდის ტემპი შემცირდა.

ამის შესახებ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“, სადაზღვევო სექტორის 2024 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, კერძო სამედიცინო დაზღვევა 731,140 ადამიანს აქვს, წინა წლის იგივე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 710,070 იყო. 2024 წლის 3 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 212 მლნ. ლარი იყო. ბაზრის ლიდერი ისევ "ჯიპიაია" 28%-იანი წილით. სადაზღვევო ბაზარზე სამედიცინო დაზღვევის წილი 53 პროცენტია.

„ჯანმრთელობის დაზღვევის წილი მთელ სადაზღვევო მოზიდვებში არის დაახლოებით 3%-ით შემცირებული. წინა წლის პირველი კვარტლის ზრდა იყო 40 ათასი ადამიანი და ახლანდელი წლის მხოლოდ 20 ათასი ადამიანია. ამ შენელებას გარკვეული მიზეზები აქვს და მივესალმებოდით, რომ ასე არ იყოს, თუმცა ჯამური მაჩვენებელი - 700 ათასზე მნიშვნელოვნად მეტი დაზღვეული - გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ერთგვარი სოციალური ტვირთიც იკისრა სადაზღვევო ინდუსტრიამ,“ - განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ. 


რაც შეეხება პოლისების ფასებსა და ლარის გაუფასურების ფონზე მათ შესაძლო ზრდას,  

სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის პაკეტები 10-12%-ით არის გაძვირებული, რაც ზოგადად, სტანდარტული ტენდენციაა.

ამასთან, მისივე თქმით, ავტოდაზღვევისგან განსხვავებით, ლარის გაუფასურების შედეგად სამედიცინო დაზღვევის გაძვირება შედარებით დაიგვიანებს, რადგან პოლისების რეალიზაცია ძირითადად ლარშია და 12 თვე ფიქსირებულია. ჯაფარიძის განმარტებით, ჯანმრთელობის დაზღვევა დაზღვევის სახიფათო სახეობაა, თუ ჭკვიანურად არ არის მართული, რადგან კომპანიას ბაზარზე უცბად შეცვლილ გარემოებებზე რეაგირება გვიან უწევს. ამიტომ მათ მხოლოდ 6-9 თვის შემდეგ უწევთ ამ პროცესების ფასში ასახვა.