დღეს ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნება.

ჰეპატიტების მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, 28 ივლისს აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას ვირუსული ჰეპატიტების, ჰეპატიტებით გამოწვეული დაავადებების და მათი პრევენციული ღონისძიებების შესახებ.


ჰეპატიტების მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა ხელი შეუწყოს ძალისხმევის გაერთიანებას საერთო მიზნის - ვირუსული ჰეპატიტების გლობალური ტვირთის შემცირების მისაღწევად და ყურადღება გაამახვილოს ჰეპატიტების სკრინინგის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მნიშვნელობაზე, პროგრამებისა და სერვისების ხელმისაწვდომობაზე, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობაზე და ქვეყნების მიერ ძალისხმევის გაძლიერებაზე, რათა 2030 წელს მიღწეულ იქნას ჰეპატიტების ელიმინაცია.  


ამ მიმართულებით საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ქვეყანაში 2015 წლიდან მოქმედებს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში (2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით) ქვეყანაში ჩატარდა 6 მილიონზე მეტი ტესტირება, გამოკვლეულია 2 მილიონზე მეტი პირი, მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო 91 300-ზე მეტი პაციენტი; განკურნების მაჩვენებელი - 98.5%-ია.

 
2024 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სრულად ფარავს სკრინინგულ და დაიგნოსტიკურ კვლევებს, B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს.  2025 წლის 30 ივნისის მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 1 024 პაციენტი.


სახელმწიფო, ასევე, უზრუნველყოფს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, როგორც აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, ასევე 18 წლის და უფროსი ასაკის აუცრელი და/ან ინფიცირების მაღალი რისკის მქონე პირთათვის, აცრის სტატუსის მიუხედავად.