ქვეყანაში კიბოს სკრინინგის მაჩვენებლები იზრდება, თუმცა - დაბალი ტემპით. ამას მოწმობს საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული, ჯანმრთელობის მაჩვენებლები, რომლებიც 2024 წლის ვითარებას ასახავს. 
უწყების მონაცემებით, ძუძუს სკრინინგი გასულ წელს 65 521-მა ქალმა ჩაიტარა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 57 920 იყო, 2022 წელს კი 52 387.


საშვილოსნოს ყელის სკრინინგის სკრინინგს 2024 წელს 58 665-მა ქალმა მიმართა, 2023 წელს - 41 912-მა, 2022 წელს კი 40 711-მა. 

კიდევ უფრო დაბალი ტემპებით იზრდება კოლორექტული კიბოს სკრინინგისადმი მიმართვიანობა: 2024 წ. - 11 229, 2023 წ. - 11 028, 2022 წ. - 10 843.

ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მონაცემებით, კიბოს სკრინინგის პროგრამების მოცვის მაჩვენებელი ქვეყანაში სამიზნე დონეს 2-3-ჯერ ჩამორჩება


საქართველოში ძუძუს, საშვილოსნოს ყელის,  სწორი ნაწლავის, ფარისებრი ჯირკვლის და პროსტატის  კიბოს სკრინინგ პროგრამები, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის წლებია ხორციელდება და მათ მოქალაქეებს სახელმწიფო სრულად უფინანსებს. სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, პროფილაქტიკური შემოწმება, ანუ სკრინინგი მანამდე ჩაიტარონ, ვიდრე რაიმე სიმპტომი გამოუვლინდებათ. მათი ინფორმაციით, ადრეულ სტადიაზე სიმსივნის დიაგნოზის გამოვლენა, დაავადების სრულად განკურნების შანსებს ბევრად ზრდის. ეროვნული სკრინინგ ცენტრები თბილისში ოთხ მისამართზე ფუნქციონირებს. 

ცნობისთვის: 2025 წელს კიბოს სახელმწიფო სკრინინგისთვის  დაახლოებით 1.8 მილიონი ლარია გამოყოფილი.