კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ღონისძიება გაიმართა. ძირითადი აქცენტი საქართველოში, კიბოს სკრინინგის მოცვის გაუმჯობესების მიმართულებით გაკეთდა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება სკრინინგის პროგრამების ხელმისაწვდომობაზე, მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებასა და პრევენციული სერვისების გაძლიერებაზე გაამახვილა, რაც მისივე განმარტებით, კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და ეფექტიან მართვას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. 


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო აფინანსებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს მიზნობრივ პოპულაციებში და ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ასევე ხელმისაწვდომია ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა იმ ცვლილებებზეც, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. აღინიშნა, რომ მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების მიზნით, სახელმწიფომ გაზარდა ქიმიოთერაპიის სერვისების მოცულობა და ასევე ტარიფები, რასაც სახელმწიფო კლინიკებს, ონკოპანციენთა მომსახუებისთვის უნაზღაურებს.

სერვისები პაციენტებზე მეტად მორგებული გახდა: გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტები იმავე სამედიცინო დაწესებულებებში გაიცემა, სადაც პროცედურა ტარდება, რის შედეგადაც პაციენტებს აღარ უწევთ აფთიაქში მისვლა. ონკოლოგიურ პრეპარატებზე მოიხსნა 25 000 ლარიანი ლიმიტი. ასევე ჩამოყალიბდა ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის მექანიზმი, რაც მკურნალობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება როგორც საქართველოში ისე თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში. დაფინანსება მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და ირაკლი სასანია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის წევრი ირმა ზავრადაშვილი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიამ ბანძელაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.