რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ, ბავშვის პირველ კლასში შესვლის ასაკად ისევ 6 წელი განესაზღვრა?
შეგახსენებთ, რომ ამ მიმართულებით კანონი 2016 წელს შეიცვალა და სკოლაში შესვლის უფლება მიეცათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების დღის ანუ 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებოდათ. აღნიშნულმა ცვლილებამ საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ცვლილება მათ შვილებს „ერთ წელს“ ართმევდა.
2022 წლიდან კანონის ცვლილება დაიწყო და ეტაპობრივად, დაუბრუნდა იმ ნიშნულს, როცა სკოლაში შესვლის უფლება ჰქონდა ნებისმიერ ბავშვს, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებოდა. შესაბამისად, სკოლაში 5 წლის ბავშვებიც შედიოდნენ. უფრო ზუსტად, 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვებისთვის სკოლაში შესვლა სავალდებულო იყო, 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულების შემთხვევაში კი მშობელი შვილის სკოლაში შეყვანის გადაწყვეტილებაში თავისუფალი იყო: მას ჰქონდა არჩევანი, შვილი შეეყვანა სკოლაში ან, თუკი ჩათვლიდა, რომ ბავშვი სკოლისთვის მზად არ იყო, მომდევნო სასწავლო წელს დალოდებოდა.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ კანონი ისევ 2016 წლის ნიშნულს უბრუნდება და, შესაბამისად, ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის შემდეგ უსრულდებათ, იმ წელს სკოლაში შესვლის უფლება აღარ ექნებათ. ცვლილება უკვე 2026 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.
აღნიშნული ცვლილების საფუძვლებზე დღეს პარლამენტში, განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა მარიამ ლაშხმა ისაუბრეს.
„მიუხედავად იმისა, რომ პირველი კლასის პროგრამაში სასკოლო მზაობის პრპოგრამაცაა ინტეგრირებული, ორ კვირასაც, ერთ თვესაც, თვე-ნახევარსაც და ორ თვესაც ბავშვისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას მნიშვნელობა აქვს მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის, მიმღებლობისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმ მოცემულობას, რომ სკოლამდელი საფეხური არ არის სავალდებულო, შეიძლება ისე მოხდეს და ასეც ხდებოდა, რომ სკოლაში შედიოდნენ ბავშვები, რომლებსაც ბაღი საერთოდ არ ჰქონდათ გავლილი. იყო შემთხვევები, როდესაც სკოლაში შემოდიოდნენ ბავშვები და შემდეგ უკან, ბაღში აბრუნებდნენ,“ - განაცხადა მახარაშვილმა.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის თქმით კი, სკოლისთვის მზაობა მხოლოდ ანბანის ან ლექსების ცოდნას არ მოიცავს და მთავარი ბავშვის ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობაა. მისი თქმით, კანონის შეცვლას საფუძვლად შესაბამისი კვლევები უდევს.
„მინდა, მშობლებს ვუთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მათივე შვილების ინტერესიდან გამომდინარეა მიღებული და ეფუძნება კვლევებსა და მოკვლევებს. მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდს ჰქონდა მოკვლევა სასკოლო მზაობასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა ლაშხმა. მისი თქმით, აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლაში უვლინდებათ სერიოზული პრობლემები, როგორიცაა დაღლა, სკოლის მიუღებლობა, დემოტივაცია, ფსიქიკური სტრესი.
„პედიატრები და ფსიქოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ ბავშვის სკოლისთვის მზაობა მოითხოვს სოციალურ, ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ მომწიფებას, რაც 6 წლის ასაკში ვითარდება,“ - განმარტა მან და ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ წელს 8500-მა მშობელმა ისარგებლა ამ გამონაკლისით და შვილი 5 წლის ასაკში შეიყვანა სკოლაში, თუმცა, როგორც ლაშხი ამბობს, სწავლის დაწყებიდან პირველივე კვირიდან იწყებოდა მომართვიანობა ბავშვების ბაღში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
„მზაობად ასახელებენ იმას, როცა ბავშვმა იცის ანბანი, დათვლა, ლექსები... თუმცა ეს არაა საკმარისი, რომ სასკოლო გარემოში მოხვდეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, შეფასებულიყო მათი ქცევა. დაკვირვების ერთ-ერთი საგანი იყო ქცევა, რაც დაკავშირებულია დაღლასთან, გაკვეთილის დროს ძილიანობასთან, ქცევის არევასთან... სამწუხაროდ, მენტალიტეტი ასე გვაქვს, რომ თითქოს წელს ვუკარგავთ ბავშვს. უნდა გადავაფასოთ: ერთია წელის დაკარგვა და მეორე - ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასება. ამ კუთხით სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა, რომ, პირველ რიგში, ფსიქო-ემოციური მდგომარეობაა ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე,“ - აღნიშნა მარიალ ლაშხმა და განაცხადა, რომ თავად მის შვილს 6 წელი ოქტომბერში უსრულდება და სკოლაში არა წელს, არამედ მომავალ სასწავლო წელს შევა.





