სმენის დაქვეითების მქონე ადამიანებს სხვადასხვა დამხმარე და სამედიცინო საშუალების გამოყენება შეუძლიათ. განმარტებებს ამ საკითხზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში აკეთებენ და აცხადებენ, რომ სმენის დამხმარე ტექნოლოგიებში მოიაზრება სმენის აპარატები და კოხლეარული იმპლანტები, სარეაბილიტაციო თერაპია ბავშვებისა თუ ზრდასრულებისთვის. ეს სარეაბილიტაციო თუ დამხმარე ტექნოლოგიები ზრდის ადამიანის დამოუკიდებლობასა და სიცოცხლის ხარისხს.
საქართველოში, სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულია ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტაცია განურჩევლად ასაკისა; ასევე, ერთი სმენის აპარატი ზრდასრულებისთვის და ორი სმენის აპარატი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. კოხლეარული იმპლანტის შემთხვევაში, მომსახურებაში სარეაბილიტაციო კურსიც შედის.
სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან სმენის დაქვეითების მქონე შშმ პირები (მათ შორის შშმ ბავშვები) და ხანდაზმული პირები (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან), რომელთაც აღენიშნებათ ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან საშუალო-მძიმე სმენის დაქვეითება (ე.წ. II-III ხარისხი).
ორმხრივი თანდაყოლილი სიყრუის ან უმძიმესი (ე.წ. მე-4 ხარისხი) სმენის დაქვეითების მქონე შშმ პირებისთვის გათვალისწინებულია ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალების (სმარტფონის) გაცემაც.
გარდა ამისა, ყრუ პირებისთვის გათვალისწინებულია ჟესტური ენის თარჯიმნის მომსახურებაც, რაც მოიცავს ჟესტური ენის თარჯიმნის მეშვეობით ინფორმირებას სახელმწიფო მომსახურებების შესახებ, ხოლო გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში - საყოფაცხოვრებო, საგანმანათლებლო (სკოლა, პროფესიული, უმაღლესი), სკოლამდელი აღზრდის, სამედიცინო და რელიგიურ დაწესებულებებში მომსახურების მისაღებად საჭირო კომუნიკაციის ხელშეწყობას.
კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსება, ქირურგიული ჩარევის ჩათვლით, ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. კოხლეარული იმპლანტაცია გეგმიური ოპერაციაა და თანაგადახდა პაციენტთა სხვადასხვა ჯგუფისთვის ხდება განსხვავებულად.
სად შეიძლება განაცხადის წარდგენა სმენასთან დაკავშირებული დამხმარე ტექნოლოგიების მოთხოვნის შესახებ?
სმენის დამხმარე ტექნოლოგიების მოთხოვნის შესახებ განაცხადების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ორგანოებში:
1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
მისამართი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 9 (პირველი სართული).
2. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.
რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო დამხმარე ტექნოლოგიების მოთხოვნისთვის?
სმენის დამხმარე საშუალებების მიღება გამარტივებულია 5 წლამდე ბავშვებისა და 65 წელს მიღწეული პირებისთვის. ამ შემთხვევაში საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
5 წლამდე ბავშვებისთვის:
1. დაბადების მოწმობის ასლი.
2. მშობლის / მეურვის პირადობის მოწმობა და მისი ასლი.
3. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).
65 წელს მიღწეულ პირთა შემთხვევაში:
1. პირადობის მოწმობის ასლი
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), სადაც
მითითებულია შესაბამისი დიაგნოზი (ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან სმენის დაქვეითების II-III ხარისხის).
5-დან 65 წლამდე პირებისთვის:
- პირადობის მოწმობის ასლი (18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);
2. შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის დოკუმენტის ასლი (ფორმა №IV-50/4) ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის ელექტრონული სისტემიდან ამონაწერი, სადაც მითითებულია შესაბამისი დიაგნოზი (ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან სმენის დაქვეითების II-III ხარისხის);
სად შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მიღება?
სმენის დაქვეითების მქონე ადამიანებისთვის არსებული დამხმარე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ნომრებზე: 032 2348379; 591 600688.
მსოფლიოში 1.5 მილიარდზე მეტ ადამიანს აქვს სმენის დაქვეითება. 430 მილიონს ესაჭიროება დამხმარე საშუალებების გამოყენება და შესაბამისი რეაბილიტაცია.
მილიარდზე მეტი ახალგაზრდა დგას სმენის მუდმივი დაქვეითების საშიშროების წინაშე, ხმაურთან ხანგრძლივი შეხების გამო.
საქართველოში, მოსახლეობის 6.5–8.1 პროცენტს აქვს სმენის დაქვეითების რაიმე ფორმა.
ბავშვობის ასაკში სმენის დაქვეითების შემთხვევების 60%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია დროული მოქმედებით.





