4 თებერვალი კიბოს მსოფლიო დღეა. კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადებაა მსოფლიოში.
ყოველწლიურად კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 20 მილიონს აღემატება, ხოლო დაავადების შედეგად, დაახლოებით, 10 მილიონი ადამიანი იღუპება, რაც იმას ნიშნავს, რომ კიბო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გამოწვევად რჩება.
ამიტომ კიბოს სკრინინგი აუცილებელია ამ დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისა და გართულებების პრევენციისთვის.
საქართველოში ჯანმოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ დღეს იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რომლებიც კიბოს გამომწვევ მთავარ ფაქტორებად სახელდება.
“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიბოს მსოფლიო დღეს. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კიბოს გლობალური ანალიზი, რომლის მთავარი გზავნილია, რომ მსოფლიოში კიბოს შემთხვევების 40% პრევენცირებადია. ამ ეტაპზე, თამბაქო კვლავ რჩება კიბოს განვითარების მთავარ მიზეზად გლობალურად და იწვევს კიბოს ყველა შემთხვევის 17%-ს. მეორე ადგილზეა კიბოს გამომწვევი ინფექციები, ხოლო მესამე ადგილზე - ალკოჰოლის მოხმარება. არსებობს კიბოს ისეთი ტიპები, რომლებიც განსაკუთრებით პრევენცირებადია - მაგალითად, საშვილოსნოს ყელის კიბო, ადამიანის პაპილომავირუსის ძალიან ეფექტური ვაქცინის და სკრინინგის პროგრამების მეშვეობით, რომლებიც წინასწარ კიბოსწინა დაზიანებებს ავლენს და მათი დროული მკურნალობის საშუალებას იძლევა, ჩვენ მივდივართ იმ ეტაპამდე, როცა ქალების ახალი თაობა შეძლებს იცხოვროს საშვილოსნოს ყელის კიბოს გარეშე,” - განაცხადა მან.





