გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები, უმეტესწილად, წარმოქმნიან იგივე მავნე ნივთიერებას, რასაც ტრადიციული სიგარეტი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებს.

თამბაქოზე რეგულაციების დაწესების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ალტერნატიული პროდუქციის პოპულარობა იზრდება, რასაც ინდუსტრია არომატებისა და მიმზიდველი შეფუთვით აღწევს. მისი ძირითადი სამიზნე კი ახალგაზდრობაა. თამბაქოს ინდუსტრია ირწმუნება, რომ ეს ახალი პროდუქტები გაცილებით უვნებელია. თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ თამბაქოს, მათ შორის გასახურებელი თამბაქოს მომხმარებლები კანცეროგენული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, ამიტომ, ორგანიზაციის შეფასებით, ამ პროდუქციის რეალიზაცია მკაცრად დარეგულირებული უნდა იყოს. 


საკითხზე განცხადებას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი:


„გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც მუშაობს ელემენტით და წვის ნაცვლად თამბაქოს ფოთოლს ახურებს ისეთ ტემპერატურამდე, რომ მასში არსებული ნიკოტინი გამოიყოფა ორთქლის სახით.


გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები, უმეტესწილად, წარმოქმნიან იგივე მავნე ნივთიერებას, რასაც ტრადიციული სიგარეტი.


გასახურებელ თამბაქოს ახასიათებს კანცეროგენული და მუტაგენური ნივთერებების (გლიციდოლი, გლიოქსალი, ფურფურალი) სიგარეტთან შედარებით უფრო მაღალი კონცენტრაცია.


დამოუკიდებელმა კვლევებმა აჩვენა, რომ  გასახურებელი თამბაქოს კვამლში გარკვეული მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია, შესაძლოა, შემცირებული იყოს; თუმცა, 20-ზე მეტი მავნე და პოტენციურად მავნე ქიმიური ნაერთის კონცენტრაცია გასახურებელი თამბაქოს კვამლში მნიშვნელოვნად მაღალია ტრადიციული სიგარეტის კვამლთან შედარებით.


ამასთან, გასახურებელი თამბაქოს კვამლში დამატებით გვხვდება ისეთი ნაერთები, რომელიც არ გვხვდება ტრადიციული სიგარეტის კვამლში, ჯანმრთელობაზე მათი გავლენა კი უცნობია.
გახსოვდეთ, გასახურებელი თამბაქო არ არის უსაფრთხო და არ წარმოადგენს ტრადიციული თამბაქოსათვის თავის დანებების საშუალებას.“