პაბებზე და ღამის კლუბებზე ახალგაზრდა თაობაში („თაობა Z“) მოთხოვნა მცირდება და მათ ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი აქტივობები ცვლის. თემას goodlife.ge, ბრიტანულ გამოცემა Independent-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით  აშუქებს.

სტატიის თანახმად, სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს „მთვრალ უიქენდებზე“ და უფრო მშვიდ დასვენებას – ბუნებაში ფხიზელ შეხვედრებს ირჩევს. ესაა ჯანსაღი ცხოვრების წესის უახლესი ტრენდი, რომელიც ყველა თაობას ეხება და არა მხოლოდ Z-ს, რომელიც, ზოგადად, უფრო მეტად ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე.


ავტორი წერს, რომ თანამედროვე ადამიანები  სულ უფრო ხშირად ეძებენ დასვენებისა და აქტივობის ისეთ ფორმებს, როგორიცაა მორბენალთა კლუბებში სიარული და რეტრიტები ტელეფონების გარეშე. ესაა სოციალური ცხოვრების ახალი ტიპი, სადაც დროის გატარება აუცილებლად დილის ნაბახუსევით არ მთავრდება და ამ მდგომარეობას აწმყოს ნათელი გააზრება ცვლის.

„თაობა Z-ს წარმომადგენლებს შორის ბოლო წლებში ძვრა მოხდა: ისინი ნაკლებად ინტერესდებიან პაბებითა და ღამის კლუბებით. ისინი ერთმანეთში კონტაქტობენ ისე, რომ საკუთარი ჯანმრთელობა და ზოგადი კეთილდღეობა გაიუმჯობესონ.“ – ამბობს დიდ ბრიტანეთში Columbia-ს მარკეტინგის მენეჯერი ეოინ ტრეისი.


მისი თქმით, ახალგაზრდები (და არა მხოლოდ ისინი) სხვა ფორმის შეხვედრებს ანიჭებენ უპირატესობას – ესაა ლაშქრობებში სიარული, ჯგუფური სირბილი, ველურ ბუნებაში ცურვა და სხვა. მათი ინტერესის სფეროა ასევე სუფთა ჰაერზე სეირნობა, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, რაც მათ ფსიქიკურ და ზოგად ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.


მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ლაშქრობისას ადამიანები პრაქტიკულად არ იყენებენ მობილურ კავშირს. 
რაც შეეხება ალკოჰოლს, დროის გატარების აღნიშნული სტილი ალკოჰოლის მიღებას არ გამორიცხავს, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება: სოციალური რიტუალები იქმნება სიმშვიდის, გონების სიცხადისა და კონტაქტების გარშემო, სასმელი კი ამ ყველაფრის ფონია და არა – ფოკუსი.

წყარო goodlife.ge