ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები წლიდან წლამდე ფართოვდება. შესაბამის გადაწყვეტილებას უწყება სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით, მათ შორის მოსახლეობის მიერ გაღებული დანახარჯების გათვალისწინებით იღებს.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ეკა შარაძის განცხადებით, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები სხვადასხვა მონაცემის ანალიზის საფუძველზე ფართოვდება.
კერძოდ, მისი თქმით,
ანალიზდება ის საჭიროებები, რაც მოქალაქეების წინაშე დგას, ასევე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები, ასევე საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და ამ საკითხების შეფასების და ანალიზის საფუძველზე იკვეთება პრიორიტეტები.
შარაძის განმარტებით, სწორედ ამის საფუძველზე დაიწყო 2024 წლის ზაფხულიდან ბე ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც სკრინინგს, ისე დაავადების დიაგნოსტიკასა და საჭირო მედიკამენტოზურ მკურნალობას.
როგორია თითქმის ერთი წლის წინ დაწყებული პროგრამის შედეგები -
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებაშია საუბარი, რომელსაც ის პარლამენტს 27 ივნისს წარუდგენს და რომელიც 2024 ივნისი − 2025 წლის მაისის პერიოდს მოიცავს.
დოკუმენტის თანახმად, B ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება პროგრამის მკურნალობის კომპონენტში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევები და სამკურნალო საშუალებები − ტენოფოვირი და ენტეკავირი, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პროტოკოლით მიღებული პირველი რიგისა და სარეზერვო მედიკამენტებია. B ჰეპატიტის მართვის პროგრამის მკურნალობის კომპონენტში უკვე ჩართულია 639 პაციენტი.