უკრაინაში ოფიციალურად დაუშვეს სამედიცინო კანაბისის იმპორტი. ამის შესახებ ქვეყნის წამლისა და ნარკოტიკების კონტროლის სახელმწიფო სამსახური იტყობინება.

„2025 წლის 2 ივნისს გაცემულ იქნა პირველი ნებართვა უკრაინის ტერიტორიაზე სამედიცინო კანაბისის სუბსტანციის შეტანაზე. ნებართვა გაიცა იმ სუბსტანციაზე, რომელიც უკრაინაშია დარეგისტრირებული და ქვეყნის ფარმაცევტული საშუალებების სახელმწიფო რეესტრშია შეტანილი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის დეკემბერში უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა კანონს სამედიცინო კანაბისის ლეგალიზაციის შესახებ. კანონი ძალაშია გასული წლის 16 აგვისტოდან.

უკრაინის იუსტიციის მინისტრის ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, 2023 წლის მდგომარეობით, სულ ცოტა 6 მილიონ უკაინელს ჰქონდა ფსიქიკური ტრავმები და დარღვევები, რომლებიც მსგავს მკურნალობას მოითხოვს.

ვისთვისაა განკუთვნილი სამედიცინო კანაბისი?

2024 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა დიაგნოზების ჩამონათვალი, რომლის დროსაც სამედიცინო კანაბისის შემცველი წამლები შეიძლება დაინიშნოს. მაგალითად, ასეთებია ქრონიკული ტკივილი, რომელიც დიაბეტური ნეიროპათიით, გაფანტული სკლეროზით, ზედა კიდურების მონონევროპათიით ან სხვა მიზეზებითაა გამოწვეული.  


ამ ჩამონათვალშია ასევე სიმსივნეები, სახის ნერვის დაზიანება, ცერებრალური დამბლა, ზურგის ტვინის დაზიანებები და სხვა.  


ამ პრეპარატების მიღება პაციენტებს შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტით, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში აისახება.

unian.net-ის ინფორმაცია