ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, დაუყოვნებლივ აკრძალონ ყველა არომატიზატორი თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტებში, მათ შორის სიგარეტებში, კალიანებსა და ელექტრონულ სიგარეტებში, რათა ახალგაზრდები დაიცვან დამოკიდებულებისა და სხვადასხვა დაავადებისგან.
არომატიზატორები, როგორიცაა მენთოლი, საღეჭი რეზინი და „ტკბილი ბამბა“, ფარავენ თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების გემოს, რაც ამ ტიქსიკურ პროდუქტებს ახალგაზრდებისთვის მიმზიდველს ხდის. ამასთან, ჯანმოს თქმით, ასეთი პროდუქტები არა მხოლოდ ართულებს მავნე ჩვევაზე უარის თქმას, არამედ ზრდის მძიმე რესპირატორული დაავადებების რისკს.
„არომატიზატორები დამოკიდებულების ახალი ტალღის პროვოცირებას იწვევს და უნდა აიკრძალოს,“ - აცხადებს ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი. მისი თქმით ეს დანამატები ქმნის რისკს, ნულამდე დავიდეს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ათწლეულების პროგრესი.
მან ასევე აღნიშნა, რომ თამბაქოს მსოფლიო ეპიდემია ყოველწლიურად 8 მილიონამდე სიცოცხლეს იწირავს და თუ ის სერიოზულ წინააღმდეგობას არ შეხვდა, სულ უფრო გაიზრდება მიმზიდველი არომატების ხარჯზე.
ჯანმოს სტატისტიკით, არომატიზებული თამბაქო 50-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული, 40-ზე მეტმა ქვეყანამ კი ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა აკრძალა. თუმცა ქვეყნების უმრავლესობაში დღემდე არაა დარეგულირებული არომატიზაციის აქსესუარების რეალიზაცია.
არომატიზატორების გამოყენების მიზანი ყველაზე ხშირად არის ნიკოტინის პროდუქციაზე ახალგაზრდობის მიჩვევის საშუალება. კაშკაშა შეფუთვასთან და სოციალურ ქსელებში მათი სხვადასხვა ფორმით რეკლამირებასთან ერთად ახალი სახეობის პროდუქციის - ვეიპების, გასახურებელი თამბაქოს და ა.შ. მიმზიდველობა იზრდება
ჯანმო შეგვახსენებს, რომ თამბაქოს, მათ შორის გასახურებელი თამბაქოს მომხმარებლები კანცეროგენული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, ამიტომ, ორგანიზაციის შეფასებით, ამ პროდუქციის რეალიზაცია მკაცრად დარეგულირებული უნდა იყოს.