ისრაელელი მეცნიერებმა შექმნეს სტარტაპი, რომლის მიზანიც ფილტვისა და ღვიძლის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკაა. სტარტაპი NaNose Medical-ი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ფუნქციონირებს და ის არის პიონერი სუნთქვის საფუძველზე არაინვაზიური დიაგნოსტიკის მიმართულებით.
პროექტის თანადამფუძნებელი და მთავარი საოპერაციო დირექტორი ილაი მარომი ამბობს, რომ ისრაელური სტარტაპი უკვე ემზადება რეალური ფუნქციონირებისა და კომერციალიზაციისთვის.
„ღვიძლისა და ფილტვის კიბო შედის სიმსივნეების ყველაზე მომაკვდინებელ სამეულში მხოლოდ იმიტომ, რომ მის დიაგნოსტირებას ძალიან გვიან ვახდენთ,“ - ამბობს მარომი.
მან და მისმა თანაგუნდელებმა NaNose Medical-ი ხუთი წლის წინ შექმნეს და მის მიზნად სკრინინგული ტესტებისა და ადრეული დიაგნოსტიკის სფეროში რევოლუციის მოხდენა დასახელდა.
ამ ტექნოლოგიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დაავადების ადრეული გამოვლენისა და მისი მკურნალობისთვის.
„ყველამ იცის, რომ ადრეული გამოვლენა სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ყველამ იცის მამოგრაფიის შესახებ ძუძუს კიბოს დროს, ან კოლონოსკოპიის თაობაზე კუჭის კიბოს შემთხვევაში, თუმცა ზოგიერთი მდგომარეობისთვის, როგორიცაა ფილტვისა და ღვიძლის კიბო, ეკვივალენტური ტესტი არ არსებობს,“ - აცხადებს მეცნიერი.
ამ მომენტისთვის NaNose-მა 10,5 მილიონი დოლარი მიიზიდა: 6,5 მილიონი სააქციო კაპიტალის სახით და 4 მილიონი დოლარი გრანტების სახით, მათ შორის ევროკავშირისგან, ასევე ისრაელის ინოვაციების სამმართველოსგან და Google-ისგან.
პროექტის შემქმნელების მიზანია, მათი მოწყობილობა ყველა კლინიკაში და ყველა ექიმის კაბინეტში იყოს, რათა MASLD-ის გვიანი სტადიის ან მისი განვითარების რისკის შესახებ მონაცემები დაუყოვნებლივ ფიქსირდებოდეს.
MASLD (Metabolic dysfunction-associated steatotic liver disease) - ესაა მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის დაავადება, რომელიც ღვიძლის სიმსივნის ძირითადი მიზეზია.
NaNose-ის ტექნოლოგია ეფუძნება ნანოტექნოლოგიასა და ხელოვნურ ინტელექტს. მისი მთავარი კომპონენტი არის სენსორული სისტემა, რომელიც აღიქვამს ადამიანის სუნთქვაში არსებულ ორგანულ ნაერთებს, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების შედეგად და ხშირად ასახავს დაავადებების არსებობას.
მოწყობილობა აღიქვამს ამ ნაერთებს და მათ ანალიზს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აწარმოებს, რაც საშუალებას აძლევს ექიმებს სწრაფად და ზუსტად დაადგინონ პაციენტის მდგომარეობა.
არსებული პრაქტიკით, სკრინინგის მსურველ ადამიანებს ეკითხებიან, შეუსრულდათ თუ არა უკვე 50 წელი და არიან თუ არა მწეველები. თუ ადამიანი 50 წლის ასაკს მიღწეული არ არის და არც მწეველია, სკრინინგი არ ეკუთვნის.
ეს მიდგომა კი, მარომის თქმით, მხედველობაში არ იღებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა, მაგალითად, ჰაერის დაბინძურება. ამიტომ ხშირად დაავადების აღმოჩენა მანამდე გადავადდება, ვიდრე სიმპტომები იჩენს თავს.
სკრინინგის ახალი აპარატის მუშაობის პრინციპი კი ისაა, რომ სიმსივნე ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს და, შესაბამისად, პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე დროულად გადამისამართდეს.
calcalistech.com-ის მასალების მიხედვით