ანტენატალური სერვისების მიმწოდებელი 370 დაწესებულებიდან ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები მხოლოდ 170-მა დააკმაყოფილა. შესაბამისად, ანტენატალური ანუ ორსულობის პერიოდისთვის საჭირო მომსახურებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 170 კლინიკა ახორციელებს. 
ეს მონაცემები ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში, გადაცემა “ბიზნესპარტნიორში“ მოიყვანა.

„გასულ წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის დახმარებით სამინისტრომ განახორციელა ყველა ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების ადგილზე მონიტორინგი. ექსპერტები ადგილზე აფასებდნენ ამას. აქამდე იყო 370 დაწესებულება, ახლა უვკე ხარისხის მოთხოვნები დააკმაყოფილა 170-მა დაწესებულებამ, სადაც ნამდვილად უმაღლესი ხარისხის სერვისია. ამდენად, ქალბატონებისთვის ორსულობის დროს მნიშვნელოვანია, რომ ამ სერვისით ისარგებლონ. შემდეგ მოდის პერინატალური სერვისი, ანუ სამშობიაროების ქსელი, სადაც ხარისხის მაჩვენებლები და ინდიკატორები დიდი ხანია ყურადღების ქვეშაა და ექსპერტები ბოლომდე არიან ჩართული ამ პროცესში, რათა ქალმა უსაფრთხოდ იმშობიაროს და ბავშვმაც მიიღოს მაღალი ხარისხის სერვისი. შემდეგ ეს გრძელდება პირველად ჯანდაცვაში. პირველადი ჯანდაცვის ქსელი რაც მეტად გაძლიერდება, მით მეტად გვექნება ადრეული დიაგნოსტიკა და მოიტანს იმ შედეგს, რაც გვინდა დავინახოთ როგორც ეკონომიკური და სოციალური, ისე პიროვნული კუთხით,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლიდან  ქალებს სახელმწიფო, გინეკოლოგთან კიდევ ერთ, მეცხრე ვიზიტს უფინანსებს, რომელიც მშობიარობის შემდგომ პერიოდზეა გათვალისწინებული.  Ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბინაზე გაწერის შემდეგ, 2 კვირის განმავლობაში, დედას შეუძლია, საცხოვრებელთან ახლოს, რეგისტრაციის მიუხედავად, მისთვის სასურველ ნებისმიერ ამბულატორიულ დაწესებულებას მიმართოს და უფასოდ მიიღოს გინეკოლოგის კონსულტაცია. ორსულებისთვის სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდა - მშობიარობამდე პერიოდში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 8 ვიზიტიდან ორის მიღება ქალს ონლაინ-რეჟიმში შეუძლია. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ შეირჩა ისეთი ვიზიტები, რომლებიც კონსულტაციის დისტანციურად მიღების შესაძლებლობას იძლევა.