რა შემთხვევაში აქვს პაციენტს ფულადი კომპენსაციის მიღებისა უფლება სამედიცინო დაწესებულებისგან?

BLC-ის დამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის ალექსანდრე ბოლქვაძის განმარტებით, მსგავსი უფლება პაციენტს მცდარი სამედიცინო ქმედების შედეგად მიყენებული ზარალის შემთხვევაში წარმოექმნება.

რაც შეეხება ზარალის ამნაზღაურებელ მხარეს, იურისტის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებებს ექიმებთან სხვადასხვა სახის ხელშეკრულება აქვთ. ერთ შემთხვევაში ექიმებთან შრომითი ხელშეკრულებებია გაფორმებული და ისინი კლინიკების თანამშრომლებად ითვლებიან. შესაბამისად, სათანადო შემთხვევებში, პაციენტისთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება სამედიცინო დაწესებულებას ეკისრება. თუმცა რიგ შემთხვევებში გაფორმებულია ნარდობის ხელშეკრულება, ანუ ექიმი კლინიკის კონტრაქტორად ითვლება. შესაბამისად, მცდარი სამედიცინო ქმედების შემთხვევაში პასუხისმგებელია ექიმი. თუმცა, იურისტის განმარტებით, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ასეთ დროს დგება სოლიდარული პასუხისმგებლობა და როგორც ექიმი, ისე სამედიცინო დაწესებულება პასუხისმგებელია ზარალის ანაზღაურებაზე.

BLC-ის სამედიცინო მიმართულების კონსულტანტის, გიორგი ჯანიაშვილის განმარტებით, პაციენტს ფულადი კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშვება მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევაში. რეგულირების სააგენტოში საჩივრის წარდგენის ერთადერთი შედეგი, რაც შეიძლება დადგეს, ესაა ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა. ამიტომ, მისი თქმით, ფულადი კომპენსაციის მიღების სურვილის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს როგორც ქონებრივი, ისე მორალური ზიანის ანაზღაურება. მისი თქმით, მორალური ზიანის ანაზღაურება არსებობს სამედიცინო ხელშეკრულებისგან დამოუკიდებლად. 


მორალური ზიანის მოცულობა კი დაიანგარიშება გარკვეული კრიტერიუმებით, მათ შორისაა დაზარალებულის მიერ მიღებული ფიზიკური ტკივლის ან სულიერი ტანჯვის სიძლიერე, ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა და სხვა.
საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი კი ამ პროცესში ექიმების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ექიმებმა თავად დაიცვან საკუთარი პროფესია. მისი მოსაზრებაა, რომ დარგობრივი (კარდიოლოგია, გინეკოლოგია და ა.შ.) გაერთიანების ჩამოყალიბების გზით მათ შეიმუშავონ საქმიანობის სტანდარტები, რათა როგორც თავად, ისე პაციენტებიც დაცულნი იყვნენ გაიდლაინებიდან ექიმების გადახვევისა და სხვადასხვა საექიმო შეცდომისგან. 


ასევე, ხეჩინაშვილის თქმით, ასეთი ასოციაციების საშუალებით ექიმებმა უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები, რათა კლინიკებთან სამართლიანი შრომითი ხელშეკრულებები დაიდოს და გარკვეული შემთხვევების დროს, პასუხისმგებლობის ტვირთი მხოლოდ ექიმებზე არ გადავიდეს. მისივე განცხადებით, ქვეყანაში ასევე უნდა არსებობდეს ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა.