ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი არ არის და მასზე არც მოთხოვნაა ისეთი, რომ წარმოების განახლება განიხილებოდეს. ამის შესახებ jandacva.ge-ს პირბადეების ქართული წარმოების „რესპირატორის “ დამფუძნებელმა სერგო გალუსტიანმა განუცხადა. შეგახსენებთ, რომ პანდემიის აქტიური ფაზის გადავლის შემდეგ, პირბადეებზე მოთხოვნის შემცირების გამო, საწარმო ერთ წელზე მეტია, დახურულია. 

გალუსტიანი ამბობს, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ საწარმოს განახლება საჭირო გახდება. 

„მართალია, სეზონური ვირუსები გააქტიურებულია და სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ პირბადის ტარებისკენ, მაგრამ რეალურად პირბადე მოსახლეობის 1%-ს თუ უკეთია. ამ მოთხოვნას კი სააფთიაქო ქსელებში არსებული მარაგები, რომლებიც მათ ჩვენგან უკვე შეძენილი აქვთ, სავსებით საკმარისია. მაგალითად, მხოლოდ „პეესპეს“ 15 მილიონი პირბადე აქვს მარაგში,“ - განაცხადა „რესპირატორის“ დამფუძნებელმა jandacva.ge-სთან საუბარში. 

შეკითხვაზე, რას უკავშირდება ქსელებში ამ პროდუქციაზე პერიოდულად შექმნილი დეფიციტი, გალუსტიანმა განაცხადა, რომ ეს ეპიზოდურად ხდება და, სავარაუდოდ, მოთხოვნის გაზრდის პერიოდში ქსელებს უბრალოდ, საწყობებიდან აფთიაქებში არ ჰქონდათ  გამოტანილი პირბადეები.

სერგო გალუსტიანის თქმით, ის არ ელოდება, რომ პირბადეების საწარმოს ამუშავება საჭირო გახდება და ამ ეტაპზე  სარეკლამო ბიზნესში აგრძელებს მუშაობას, სადაც პანდემიამდე საქმიანობდა. 


შეგახსენებთ, რომ პანდემიის დროს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პირბადეების ტარება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში სავალდებულო იყო. სწორედ მაშინ შეიქმნა პირბადეებზე დეფიციტი და კომპანია „რესპირატორიც“ ბაზარზე სწორედ იმ ეტაპზე,  2020 წელს გამოჩნდა.  პანდემიის ყველაზე აქტიური ფაზის დროს საწარმო თვეში 17 მლნ ცალ პირბადეს უშვებდა.

პანდემიის აქტიური ფაზის გადავლის შემდეგ კი, როცა პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იყო, ამ პროდუქციაზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. 2022 წლის ივნისში, როცა პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში 14% იყო,  კომპანიის 7 ხაზიდან მხოლოდ ერთი მუშაობდა და ისიც მალევე დაიხურა. 

jandacva.ge