რა თანხები დაიხარჯება ჯანდაცვის პროგრამებზე დედაქალაქში - ამის შესახებ საუბარია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში, რომლითაც თბილისის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა და რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 2,123,388.7 ლარით განისაზღვრა. სხვადასხვა ჯანდაცვის პროგრამებზე კი თანხები ასე გადანაწილდება:
სახსრების ენდოპროტეზირების დაფინანსება - 2 მილიონი ლარი
ქვეპროგრამა გულისხმობს მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების საჭიროების მქონე პირებისათვის ოპერაციის დაფინანსებას. მისი მიზანია სახსრების ართრიტის მქონე ბენეფიციარებისათვის, რომლებიც საჭიროებენ მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირებას, ოპერაციული მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსება - 4 მლნ 776 500 ლარი
ქვეპროგრამა გულისხმობს გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების - ოკრელიზუმაბისა და ფინგოლიმოდის, ასევე, მკურნალობის პროცესში მდგომარეობის შეფასების მიზნით მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRT) დაფინანსებას, ქიმიური აგენტების გამოყენებით. ქვეპროგრამის მიზანია გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ზემოაღნიშნული მედიკამენტებით სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების და კვლევებით უზრუნველყოფის გზით, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა უნარშეზღუდულობის თავიდან აცილება.
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია - 12 მლნ 945000 ლარი
ქვეპროგრამის მიზანია აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვთა განვითარების სტიმულირება, ადაპტაციური ფუნქციონირების გაუმჯობესება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა სპეციფიკური აბილიტაციისა და ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის გზით. აღნიშნული გულისხმობს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, რისთვისაც ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ მოსარგებლისათვის, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად (მ.შ.გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და სხვა), კომპლექსური თერაპიის დაფინანსება. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ მოსარგებლისათვის კომპლექსური თერაპიის თვეში არაუმეტეს 20 (მინიმუმ ერთსაათიანი) სეანსი.
ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება - 7მლნ 260 100 ლარი
ქვეპროგრამა გულისხმობს სპეციალისტთა ჯგუფის მიერ აღიარებული დანიშნულების (თარგეტული/დამიზნებითი თერაპიის) შესაბამისად ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას. ამასთან, მედიკამენტები (ტრასტუზუმაბი, პერტუზუმაბი, ლაპატინიბი, ფესგო) Her2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) ან Her2 დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირებს უფინანსდებათ, რამდენადაც რისკის კატეგორიების შეფასების თვალსაზრისით აღსანიშნავია HER2-დადებითი ძუძუს კიბო, ვინაიდან ამ რეცეპტორის ჭარბი ექსპრესია, რომელიც ძუძუს კიბოს ქალთა დაახლოებით 20-25%-ს აღენიშნება, ასოცირებულია დაავადების სწრაფ პროგრესირებასთან.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება - 1 მილიონი ლარი
ქვეპროგრამის მიზანია ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა. აღნიშნული გულისხმობს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთათვის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სათემო მომსახურების მიწოდების დაფინანსებას. ქვეპროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ ფსიქიკური ან/და ქცევითი აშლილობის მქონე თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მქონე საქართველოს მოქალაქეები
რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება - 2 მილიონი ლარი.
რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი აუტოიმუნური ანთებითი დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების შეუქცევად დესტრუქციას, დეფორმაციას, მოძრაობის შეზღუდვას და საბოლოოდ ინვალიდობას. მკურნალობის შედეგად მიიღწევა დაავადების რემისია ან დაბალი აქტივობა, რის შედეგად შესაძლებელი იქნება ინვალიდობის და სხვა გართულებების თავიდან აცილება. შესაბამისად, ქვეპროგრამა გულისხმობს რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებისათვის ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსებას, რომლის მიზანია რევმატოიდული ართრიტის მქონე ბენეფიციარებისათვის, სრულფასოვანი მედიკამენტოზური მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ტრანსპლანტაცია - 9 მილიონ 500 000 ლარი
ქვეპროგრამის მიზანია ონკოჰემატოლოგიური და ღვიძლის დაავადებების მქონე პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციას, ოპერაციული მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათი სიცოცხლის დაცვა. აღნიშნული გულისხმობს ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე პირებისათვის მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის, ტრანსპლანტაციის წინა კვლევების, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისა და ტრანსპლანტაციის შემდგომ სტაციონარული მეთვალყურეობის დაფინანსებას და ასევე, ღვიძლის დაავადებების მქონე პირებისათვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას.




