2024 წლიდან ონკოპაციენტს შესაძლებლობა აქვს უწყვეტად მიიღოს მკურნალობა, რაც მას სჭირდება
6 თებერვალს, თბილისის საკრებულოს სადღესასწაულო დარბაზში, კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა - უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში და კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E-ისა და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ ეგიდით მოეწყო, რომლის მიზანს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა და შეფასდა ისეთი საკითხები, როგორიცაა: განვლილი საქმიანობა, მიღებული შედეგები და დღეს არსებული მდგომარეობა. პანელურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ, ექიმებმა, პაციენტებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
ღონისძიების გახსნით ეტაპზე სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე. საღამოს გაუძღვნენ "ევროპა დონა საქართველოს" პრეზიდენტი, ანა მაზანიშვილი და საკონსულტაციო კომპანია "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი, თინათინ სამყურაშვილი. ამასთან, პაციენტთა ორგანიზაციამ მადლიერება გამოხატა ყველა სახელმწიფო უწყების, ორგანიზაციის, ბიზნესკომპანიისა და მედიასაშუალების მიმართ,
რომელთა თანადგომამ ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სრულფასოვანი მკურნალობა შესაძლებელი გახადა,
სიცოცხლის შანსი მიეცა უამრავ ადამიანს.
“მნიშვნელოვანია, რომ დღეს ონკოპაციენტს შეუძლია უწყვეტად და სრულფასოვნად მიიღოს მკურნა;ლობა, რაც მას სჭირდება,“ - აღნიშნავს კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E-ის ვიცე პრეზიდენტი ხათუნა ჭინჭარაშვილი.
„არსებული 25 ათასიანი ლიმიტი მხოლოდ რამდენიმე თვე იყო ონკოპაციენტის მკურნალობისთვის საკმარისი. ის ვეღარ ახერხებდა უკვე ძვირადღირებული მედიკამენტების შესყიდვას და მისი მკურნალობა ფერხდებოდა. უმეტესობა წყვეტდა მკურნალობას და გაგრძელების შანსიც კი, ბუნდოვანი იყო. კამპანიის ფარგლებში საკმაოდ ბევრი შეხვედრა გაიმართა სამთავრობო სტრუქტურებთან, ფარმაცევტულ კომპანიებთან და ასევე მედიასთან. მივიღეთ შედეგი - მთელი რიგი ჩამონათვალი ძვირადღირებული მედიკამენტებისა დაფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტად,“ - განმარტავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.
„ჩვენ კანონი შევცვალეთ და მთავრობას მივეცით უფლება ის ინოვაციური მედიკამენტები, რაც საჭიროა ონკოპაციენტების სამკურნალოდ პირდაპირი შესყიდვის გზით შეეძინა. ეს კი უზრუნველყოფს ონკოპაციენტის სრულფასოვან და უწყვეტ მკურნალობას,“ - პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ზაზა ლომინაძე.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვა ყველა ონკოპაციენტის მკურნალობას დააფინანსებს. თერაპიისთვის გათვალისწინებული 25 ათას ლარიანი წლიური ლიმიტი ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით მოიხსნება, შესაბამისად დაფინანსება მიბმული იქნება არა კონკრეტულ თანხაზე, არამედ დიაგნოზზე. გარდა ამისა, სამინისტრო უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით შეისყიდვის მედიკამენტებს.
ინფორმაცია დაავადების შესახებ
არაგადამდებ დაავადებათა შორის, დღეისათვის კიბო წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებასა და სიკვდილობის გამომწვევ უმთავრეს მიზეზს. ყოველწლიურად მსოფლიოში 10 მილიონი ადამიანი იღუპება კიბოს დიაგნოზით. ეს რიცხვი აღემატება ერთად აღებული შიდსით, მალარიითა და ტუბერკულოზით გამოწვეული
სიკვდილობის რიცხვს. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე. მსოფლიო მონაცემებით კიბოს სისკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. კიბოს 1/3-ზე მეტი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სტადიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ მილიონობით სიცოცხლე ყოველწლიურად.
ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა გაერთიანებული ერებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები, კიბო მიიჩნიეს, როგორც
უკიდურესად აუცილებელი გლობალური პრობლემა და მათ განაწესში კიბოსთან ბრძოლამ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი. მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე.