ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, პრესკონფერენციაზე გააკეთა.


ევროპული ღირებულებები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კუთხით - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტების დიდი ნაწილი წლებია საუბრობს. მათ შორისაა თენგიზ ვერულავა, რომელიც ამბობს, რომ თანამედროვე ჯანდაცვის სისტემები და საერთოდ სოციალური პოლიტიკა ძირითადად სწორედ ევროპულ ღირებულებებზე დგას. თავად სოციალური დაზღვევის სისტემა, ექსპერტის განმარტებით, გერმანიაში ჩაისახა იმისთვის, რათა ადამიანს ჰქონოდა ფინანსური ხელმისაწვდომობა მაღალრისკიანი დაავადებების მკურნალობაზე.

„ყველაფერი, რაც უკავშირდებოდა თანამედროვე  მიღწევებს სოციალურ პოლიტიკაში, ჯანდაცვაში, უკავშირდება სწორედ ევროპულ ღირებულებებს,“ - აცხადებს ვერულავა.

მას მოჰყავს იმის მაგალითები, თუ რას ნიშნავს ჯანდაცვის ევროპული პოლიტიკა. ერთერთია რეფერენტული ფასები, რომლებიც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ემსახურება და რომლის დანერგვაც უკვე დაიწყო საქართველოში.  


ამასთან, თენგიზ ვერულავა თქმით, ევროპული მიდგომები არ არის ჰოსპიტალური სისტემის სტრუქტურაში, რომლის დიდი ნაწილიც დღეს ქვეყანაში კერძო სექტორს უკავია, მცირე ნაწილში კი სახელმწიფოა წარმოდგენილი.

საზოგადოებრივი საავადმყოფოები კი, რაც მოგების კლინიკის განვითარებაში ჩადებას გულისხმობს და რომელიც ევროპის ჰოსპიტალური სექტორის 80%-ს შეადგენს, საქართველოში საერთოდ არ არსებობს. 

ასევე შეგახსენებთ, რომ სწორედ ევროპული ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილია DRG სისტემა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთი წელია მოქმედებს. 

jandacva.ge