პირველივე პროცედურის შემდეგ მივიღე გაუმჯობესება. მხედველობა ისე გაუმჯობესდა, რომ უკვე დამოუკიდებლად ვახერხებ გადაადგილებასისევ შევძელი ოჯახში ფუსფუსი და შვილიშვილების მოსიყვარულება. ჩემი ფინანსური შესაძლებლობით ვერასდროს მოვახერხებდი თანამედროვე, ინოვაციური  პრეპარატის შეძენას", - ეს სიტყვები აჭარელ შუშანა სურმანიძეს ეკუთვნის, რომელიც ერთ-ერთი პირველია, ვისზეც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა გავრცელდა. მას რამდენიმე პროცედურის ჩატარებისთანავე მხედველობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

შაქრიანი დიაბეტის გამო, პაციენტს მხედველობა ისე ჰქონდა  დაქვეითებული, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება და ოჯახის წევრების გარჩევაც კი უჭირდა.

იმას, თუ რამდენად ბევრ ადამიანს ეხება ეს პრობლემა, „და ვინჩის კლინიკის“ ექიმის ოფთალმოლოგის თეკლა მამაგეიშვილის მიერ მოყვანილი მონაცემები ადასტურებს, რომელთა თანახმად, დიაბეტის მქონე პაციენტების 60%-ს მხედველობასთან დაკავშირებული დაავადებები უვითარდება. 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  შეფასებით, თვალთან დაკავშირებული გართულებები ყოველ მერვეს უფიქსირდება.

ოფთალმოლოგი ამბობს, რომ რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა, რასაც დროული და ადეკვატური მკურნალობა უნდა მოჰყვეს.

„დიაბეტის მქონე ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ესაა მუდმივად პროგრესირებადი დაავადება. ის არ უნდა დაელოდოს მხედველობის გაუარესებას და როგორც კი შაქრიანი დიაბეტი დაუდასტურდება, ენდოკრინოლოგის შემდეგ  ოფთალმოლოგს მიმართოს. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ ასაკობრივ დეგენერაციას, რომლის რისკიც 50 წელს გადაცილებულებში იმატებს. რაც შეეხება სიმპტომებს, ესაა ლაქების გაჩენა, ელვები თვალის წინ, როცა ადამიანი სინათლიდან სიბნელეში გადაადგილდება. ასეთი „ელვა“ არაფერში აგვერევა. როგორც კი ასეთი სიმპტომები ჩნდება, მაშინვე განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, რადგან პროცესი არ ჩერდება, ვითარდება და სიმპტომები ღრმავდება: ადამიანს უჭირს წერა-კითხვა და სრულიად ჯანმრთელმა, შესაძლოა, მუშაობასაც კი თავი დაანებოს.

დაავადება იწყება იმით, რომ იბრიცება სწორი ხაზები, იცვლება გამოსახულების ფორმები და კითხვის დროს ხდება გარკვეული ასოების ამოვარდნა.

თუ ლაქები მცურავია, ეს ნაკლებად საშიშია, მაგრამ თუ ისინი ფიქსირებულია და მხედველობის ველიდან გარკვეული სეგმენტები ამოვარდნილია, ეს უკვე რთულ ვითარებაზე მიგვითითებს. პროცესი ნერვული უჯრედენის დონეზე მიმდინაეობს, რომელსაც ვერ ჩავანაცვლებთ. ამიტომ საჭიროა არა ქირურგიული ჩარევა, არამედ - მედიკამენტოზური მკურნალობა,“- განმარტავს ოფთალმოლოგი.

ექიმისადმი დროული მიმართვიანობა, დროული და ადეკვატური მკურნალობის დაწყებისთვისაა აუცილებელი. თანამედროვე მკურნალობა, რომელიც მოიცავს თვალშიდა ინექციებს, უზრუნველჰყოფს  მხედველობის გაუმჯობესებას და დაზიანების პროგრესირების შეჩერებას.  აღნიშნული მკურნალობა საქართველოშიც ხელმისაწვდომია თუმცა სირთულეს ინოვაციური მკურნალობის ფინანსრური ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, ვინაიდნა ამ ეტაპზე მხოლოდ აჭარის რეგიონში მაცხოვრებელი პაციენტებისთვის არის შექმნილი პროგრამა, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის  არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც პაციენტები ისარგებლებდნენ.

სახელმწიფოს მხარდაჭერა კი, ათასობით ადამიანს სჭირდება. თვალის 100-ზე მეტი დაავადება არსებობს, რომლებიც, შესაძლოა, მხედველობის გაუარესების ან დაკარგვის მიზეზი გახდეს. მათგან აღსანიშნავია ასაკობრივ მაკულარული დეგენერაცია და დიაბეტურ მაკულარული შეშუპება. სახელწოდებებიდანაც ჩანს, რომ პირველი მათგანის განვითარება ასაკს უკავშირდება, მეორის კი - დიაბეტს. ასე რომ, მხედველობის დაკარგვის რისკის ქვეშ ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს.

იმის მაგალითი, თუ როგორ ცვლის თანამედროვე მკურნალობა ადამიანის ცხოვრებას, მხატვარი ელენე მეტრეველის ისტორიაა. მისი დიაგნოზი დიაბეტური რეტინოპათიაა. ესაა მდგომარეობა, როცა  სისხლში გლუკოზის (შაქრის) მაღალი დონე იწვევს ბადურის სისხლძარღვების დაზიანებას, დროთა განმავლობაში ბადურაზე ჩნდება ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვები, რაც ხშირად თვალის შიგნით სისხლჩაქცევის და მხედველობის მკვეთრი გაუარესების მიზეზი ხდება. სწორედ ეს სცენარი განვითარდა ელენეს შემთხვევაში.

2018 წლის „ერთ მშვენიერ დღეს“ ელენე ასე იხსენებს:


„ძალიან უცნაურად გავიღვიძე, ორივე თვალში სისხლი ჩამექცა, ერთში - მეტად. ვერ ვხედავდი, მაგრამ რადგან ერთ თვალში ნაკლები ჩაქცევა მქონდა, ის დაილექა და მხედველობა შედარებით დამიბრუნდა. მანამდე მსგავსი პრობლემის არანაირი მოლოდინი არ მქონია. ჩემი დიაგნოზი ნიშნავს ახალ წარმოქმნილ სისხლძაღღვებს და სანამ ჩაქცევა არ მოხდა, საფრთხე ვერ შევიგრძენი. რეტინოპათიულ გართულებებს მოჰყვა მრავალი სხვა გართულება და ამიტომ ბევრი პროცედურა და  ოპერაცია დამჭირდა. ახლა ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა გლაუკომაა, ვინაიდან მას უკავშირდება დაბრმავების საშიშროება, რაც, თუკი ეს მოხდება, დღევანდელი შესაძლებლობებიდან გამომდინარე  გამოსწორების საშუალება არ არსებობს.


2018 წლის შემდეგ იყო  ჩატარებული ძალიან ბევრი ოპერაცია და პროცედურა,  გლაუკომის 3 დრენაჟი. მაქვს ხელოვნური ბროლები... რადგან ერთ გართულებას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და ა.შ. ყველა ოპერაცია იმისთვის ტარდებოდა, რომ გადამერჩინა მიღწეული შედეგი.  როგორც სერიოზული ავარიის შემდეგ იწყებენ ადამიანები სიარულის სწავლას, ასეთივე პარალელი შემიძლია გავაკეთო ჩემს მდგომარეობასთან, როცა ხედვა თავიდან დავიწყე, თუმცა სხვა ადამიანებთან შედარებით სრულიად განსხვავებულად ვხედავ - მიჭირს უბრალო მოძრაობაც კი, მაგრამ ამ მდგომარეობას შევეგუე და ვიცი, სად როგორ უნდა მოვიქცე. თუმცა რომ არა ფინანსური შესაძლებლობა, დღეს ის პროგრესიც არ მექნებოდა, რომელიც ახლა მაქვს.
იმისთვის, რომ მდგომარეობა შევინარჩუნო, სისტემატურად, თვეში ერთხელ ვეჩვენები ექიმებს. პერიოდულად ვიკეთებ ლაზერებს, რომლებიც თვალის წნევას მისტაბლურებს. რაც შეეხება რეტინოპათიურ მდგომარეობას, სისტემატურად, თვენახევარში ერთხელ ვიკეთებ პროცედურებს, რომ არ მქონდეს სისხლჩაქცევები. ესაა ჩემი ქრონიკული მდგომარეობა. ჯანდაცვის სამინისტრო ამაში რამდენჯერმე დამეხმარა. ძალიან ბევრ პაციენტს, რომელსაც თუნდაც მხოლოდ რეტინოპათია აქვს, ხშირ შემთხვევაში სისტემატურად ან პერიოდულად სჭირდება ეს პროცედურა, რადგან, ჩემს მაგალითზე ვიცი, რომ ინექციის დაგვიანება მაშინვე გართულებას იწვევს. დიაბეტის მქონე ძალიან ბევრ პაციენტს, რომელსაც რთულ ადგილას აქვს ეს სისხლძარღვები, პრეპარატები სისტემატურად სჭირდება.

ადამიანებს, რომლებიც ამ რთულ პრობლემებს ფინანსური სახსრების გამო ვერ მიხედავენ, ძალიან სერიოზული გართულებები ელოდება და ეს, სამწუხაროდ, გარდაუვალია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ პაციენტები მათთვის საჭირო პრეპარატებით უზრუნველყოს.“

ინექციები ელენეს საშუალებას აძლევს, გააგრძელოს საყვარელი საქმიანობა, რომელიც არც მხედველობის დაქვეითების პერიოდში შეუწყვეტია. მაშინ ხატვაში მას ასისტენტები ეხმარებოდნენ, ახლა კი, ხელმეორედ „თვალახელილი“ მხატვარი ნამუშევრების შექმნას აგრძელებს.

მკურნალობის კურსის მუდმივობის შენარჩუნებას, რაც ამ დიაგნოზის დროს აუცილებელია, ყველა პაციენტი ვერ ახერხებს. თეკლა მამაგეიშვილი საკუთარი პრაქტიკიდან იხსენებს შემთხვევებს, როცა, ფინანსური მიზეზების გამო პაციენტები უარს აცხადებენ ინექციებზე, რადგან ადამიანს შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე ათეული ასეთი პროცედურა, ეს კი უკვე დიდ ფინანსებს უკავშირდება.

"თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა ახალი თაობის ძვირადღირებული ანტიანგიოგენური მედიკამენტებით" - ასე ჰქვია პროგრამას, რომელმაც სტატიის დასაწყისში ნახსენებ შუშანა სურმანიძეს და მასთან ერთად აჭარაში მცხოვრებ ათეულობით ადამიანს პრაქტიკულად სრულფასოვანი ცხოვრება დაუბრუნა. საქართველოს მასშტაბით სწორედ აჭარაში შეიქმნა პირველი პრეცედენტი, როცა საბიუჯეტო დაფინანსებით თვალის რთული დაავადებების სამკურნალო პროგრამა ამოქმედდა.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ბადურის მძიმე დაავადებების (დიაბეტური რეტინოპათია, მაკულარული შეშუპება ბადურის ვენის ოკლუზიის გამო, მიოპიური ქოროიდული ნეოვასკულარიზაცია, ნეოვასკულარული ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია და სხვა) მკურნალობის დაფინანსებას ახალი თაობის ანტიანგიოგენური პრეპარატების ინტრავიტრეალური ანუ თვალში ინექციის გზით.

მოსარგებლეები არიან ბადურის მძიმე დაავადების მქონე, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად არიან რეგისტრირებულნი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში. მომსახურება უფინანსდებათ სრულად, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით.

ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობის დაფინანსება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2023 წელს დაიწყო. საწყის ეტაპზე სამედიცინო მომსახურება უფინანსდებოდა შშმ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენდა 200 000-ს. გასული წლის ივლისიდან პროგრამის მოსარგებლეთა არეალი გაფართოვდა და დაფინანსებით სარგებლობა უკვე შშმ პირებმა და 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველმა ყველა მოქალაქემ მიიღო. 2024 წლიდან კი ძვირადღირებული მკურნალობა უფინანსდება ყველა მოქალაქეს, ვისაც ზემოაღნიშნული დიაგნოზი აქვს.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან jandacva.ge-ს აცნობეს, 2023 წელს პროგრამის ფარგლებში 6 პაციენტი დაფინანსდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 29 550 ლარი გამოიყო,

2024 წელს კი დაფინანსდა 21 პაციენტი, რისთვისაც 54 872 ლარია გამოყოფილი. ამასთან, როგორც სამინისტროში ამბობენ, პროგრამის ბიუჯეტი ფიქსირებული არ არის და დაფინანსდება ყველა იმ ადამიანის მკურნალობა, რომელსაც, დიაგნოზის შესაბამისად, ზემოთაღნიშნული მკურნალობა დასჭირდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული დაფინანსება უდიდესი შვებაა ათეულობით ადამიანისთვის, თუმცა, ამავდროულად, ის წარმოშობს დისკრიმინაციის განცდას იმ პაციენტებში, რომლებმაც მკურნალობის სრული კურსი, შესაძლოა, მხოლოდ იმის გამო ვერ ჩაიტარონ, რომ არა აჭარაში, არამედ ქვეყნის სხვა რეგიონებში ცხოვრობენ. ცხადია, აჭარის მთავრობის მიერ აღნიშნული პროგრამის ამოქმედება მხოლოდ ადგილობრივ პრობლემაზე რეაგირება არ არის და იმის დადასტურებაცაა, რომ მსგავსი დიაგნოზის პაციენტებს სახელმწიფოს მხარდაჭერა სხვა რეგიონებშიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით სჭირდებათ.

ამ ეტაპზე უშუალოდ ამ მიმართულებით, ცალკე პროგრამა არ მოქმედებს თბილისში, რომელსაც რთული და ძვირადღირებული სამედიცინო სერვისების დაფინანსების არაერთი პროგრამა აქვს. როგორც jandacva.ge-ს დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, თვალის, ისევე როგორც ნებისმიერი დაავადების მკურნალობის დაფინანსებაზე მოქალაქეების განაცხადები კომისიური წესით განიხილება და  ოფთალმოლოგიის მიმართულების დაფინანსების კუთხით, თბილისის მუნიციპალიტეტი,  საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შემავსებელი რგოლია, რათა პაციენტებს ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქდეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის ოფთალმოლოგია ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.  ამას ადასტურებს იმ სერვისების ჩამონათვალი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

საუბარია 16 სახის ოფთალმოლოგიურ დიაგნოზზე, რომლებიც გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს. ესენია გლაუკომა, ბადურის სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები, ბადურის გახლეჩები ჩამოცლის გარეშე, ბადურის ჩამოცლა ბადურის გახევით, ტრავმული კატარაქტა და სხვა.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მხოლოდ ქირურგიით არ შემოიფარგლება და თვალის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებასაც იწყებს. კერძოდ, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს, მთელი წლის განმავლობაში, სრულად უფინანსდებათ გლაუკომის სამკურალო მედიკამენტებიც.

„ჩვენი მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია. სახელმწიფო პროგრამები მუდმივად ფართოვდება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ სახელმწიფო დაფინანსებამ მაქსიმალურად მეტი დაავადება მოიცვას,“- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში, რაც ათასობით პაციენტს აძლევს იმედს, რომ გარკვეულ ეტაპზე ამოქმედდება პროგრამა, რომელიც მათ მხედველობის შენარჩუნებისთვის აუცილებელ მედიკამენტებს დაუფინანსებს.

Jandacva.ge