ისრაელში, სისხლის ჩაბარების პუნქტები იკეტება. მიზეზი ისაა, რომ სისხლის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ბევრ კლინიკას სისხლის საკმარისი მარეგები აქვს და ყველა მსურველის მომსახურებას ვერ ახერხებს.
ისრაელის მედიის ცნობით, საზოგადოებამ სისხლის ჩაბარების მოწოდებას უდიდესი აქტიურობით უპასუხა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით დონაცია განხორციელდა.
შაბათს საღამოს ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ უკვე სისხლის საკმარისი მარაგები ჰქონდა და მოქალაქეებს მოუწოდა, სისხლის ჩაბარება მეორე დღეებისთვის გადაედოთ.
მხოლოდ იხილოვის კლინიკაში სისხლის ჩასაბარებლად 650 ადამიანი მივიდა. მიმართვიანობის უპრეცედენტო ზრდის გამო, კლინიკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სისხლის ჩაბარების პუნქტი დროებით დაკეტა.
„ახლა ისრაელს მძიმე დრო უდგას. მე ძალიან ამაღელვა ათასობით ისრაელელის ხილვამ, რომლებიც მოვიდნენ სისხლის ჩასაბარებლად, რათა ადამიანების სიცოცხლეები გადაარჩინონ. ესაა რთულ დროში ურთიერთ გარანტიების და ჩვენი, როგორც ერის, უნიკალურობის მაგალითი, რომელიც საგანგებო სიტუაციებში მობილიზებას ახდენს,“ - განაცხადა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა.
ახლა მოქალაქეებს სისხლის ჩაბარება იმ პუნქტებში შეუძლიათ, რომელთა ჩამონათვალს ჯანდაცვის უწყება პერიოდულად აახლებს.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები 7 ოქტომბერს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ისრაელმა ამას დარტყმებით უპასუხა. სიტუაცია ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია.
სამინისტროს მონაცემებით, დღევანდელი დილის სტატისტიკით, ქვეყნის კლინიკებში, საომარი მოქმედებების შედეგად მკურნალობა 2382 ადამიანს დასჭირდა.
22 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ბოლო ცნობებით, დაღუპულია 700-ზე მეტი ადამიანი.