20 სექტემბრიდან ბაზარზე უნიკალური ქართული პრეპარატი „ფაგიო“ ბრუნდება, რომელიც ანტიბიოტიკის უსაფრთხო ალტერნატივად მიიჩნევა.


„18-თვიანი დაუღალავი შრომისა და ფაგების ისტორიული საწარმოს, ევროკავშირის GMP სტანდარტით (კარგი საწარმოო პრაქტიკით), განახლების შემდეგ, სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომი იქნება ევროპული სტანდარტით, ახალი, კიდევ უფრო მოსახერხებელი შეფუთვით,“ - აცხადებენ პრეპარატის მწარმოებელ კომპანია „ბიოქიმფარმში“ „ფაგიოს“ დაბრუნებასთან დაკავშირებით.

პრეპარატი „ფარმადეპოს“, GPC-ს, PSP-ს, ავერსისა და სხვა აფთიაქებში გაიყიდება.

„ფაგიო“ გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ყელ-ყურ-ცხვირის, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის, ასევე უროგენიტალური ინფექციების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.

თვეების განმავლობაში ბაზარზე პროდუქციის დეფიციტის მიზეზი საწარმოში განხორციელებული მოდერნიზაციის პროცესი იყო, რომლის მიზანიც საწარმოს ევროკავშირის GMP სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანაა.

აღნიშნული სტანდარტის მიღებას კომპანია უახლოეს მომავალში ელოდება და ის იქნება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მეოთხე მწარმოებელი, რომელიც GMP  სერტიფიკატს მიიღებს.

კომპანია აწარმოებს 15-მდე რეგისტრირებულ პროდუქტს, მათ შორის მეცხოველეობის და აგროკულტურის მიმართულებით და ადამიანის ჯანმრთელობის მიმართულების გარდა ავითარებს ვეტერინარული პროდუქტების მიმართულებასაც, რათა აღმოიფხვრას ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება ფერმებში.
კომპანიის პროდუქცია 8 საექსპორტო ბაზარზე გადის და ახლო მომავალში 80 ქვეყანაში გასვლას გეგმავენ.