ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი jandacva.ge-სთან საუბარში უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დაწყებული რეგულაციების გამო საქართველოს ბაზარი „ფაიზერმა“ დატოვა და ბაზრის დატოვებისთვის სხვა უცხოური ფარმაცევტული კომპანიებიც ემზადებიან. მარგველაშვილის თქმით, „ფაიზერში“ მხოლოდ რესტრუქტურიზაცია განხორციელდა და ბაზრის დატოვება დღის წესრიგში არ დამდგარა.

მისივე განცხადებით, არის პრეპარატები, რომელთა ფასებთან დაკავშირებითაც, რეფერენტული ფასწარმოქმნის დანერგვის შემდეგ, კომპანიებში კითხვები გაჩნდა, თუმცა მათ ამასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები სამინისტროს მიაწოდეს და მიმდინარეობს სამუშაო რეჟიმში მუშაობა. ბაზრის დატოვებაზე კი საუბარი არ არის. 
„რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით ყველაზე მეტი პრეტენზია დისტრიბუტორების მხრიდანაა. ჩვენი ასოციაციის მხრიდან კი რამდენიმე ათეული საჩივარია გაგზავნილი. საჩივრების ნაწილი სამინისტროს მხრიდან დაკმაყოფილდა და ფასების კორექცია მოხდა. სმინისტრო ითვალისწინებს სექტორის პოზიციას, თუკი მათი არგუმენტების მისთვის მისაღებია. თუმცა არის პოზიციები, რომლებზე პასუხსაც ველოდებით,“ - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა. 
მისი თქმით, სამინისტროსთან ამ კუთხით აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს, თუმცა სექტორს ესმის, რომ რეფერენტული ფასების გამოყვანა რთული საკითხია და დროს მოითხოვს. მაგრამ ამასთან, ბიზნესის პოზიციაც გასაგებია, რომელსაც ზარალის მიღების რისკები უდგება. 


ცნობისთვის: ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციაში გაწევიანებულია ისეთი ცნობილი ფარმაცევტული ბრენდების წარმომადგენლობები, როგორიცაა: ფაიზერი, სინოფი, ასტრაზენეკა, როში, ფერინგ ფარმაცევტიკალს,ნოვარტისი, სერვიე, გედეონ რიხტერი, ბაიერი და სხვა.
შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდება.

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების რეფორმა ძალაში გასული წლის 15 თებერვლიდან შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს კონკრეტული წამლების ზღვრულ ფასებზე ძვირად გაყიდვის უფლება აღარ აქვთ. რეფერენტული ფასი უკვე მოქმედებს მედიკამენტების ძირითად ნაწილზე - 5000-ზე მეტ პრეპარატზე. ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში რეფერენტული ფასები მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე უნდა გავრცელდეს.

jandacva.ge