ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში მედიკამენტების ხელმისაწვდომობისთვის გატარებულ რეფორმებს ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ასახელებს.  ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაზე, ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა  ჰანს კლუგემ აღნიშნა, რომ საქართველოში  განხორციელებულმა სისტემურმა რეფორმებმა - ფასების რეგულირებამ და რეფერენტული ფასების განსაზღვრამ - ონკოლოგიური წამლების ღირებულების 45%-ით შემცირების შესაძლებლობა შექმნა. მისივე თქმით, ეს ცვლილებები სახელმწიფოსთვის, ორჯერ მეტი მედიკამენტების შესყიდვების საშუალებას იძლევა. 


სესიაზე სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, განხორციელდა ქრონიკული  და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო საშუალებების დაფინანსების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა.  


„თუ ხალხს არ აქვს შესაძლებლობა, გადაიხადოს ფული ექიმთან წასასვლელად, ან -მედიკამენტისთვის, ეს მხოლოდ პრაქტიკურლი პრობლემა არ არის, ეს ეთიკური პრობლემაა, იმიტომ რომ ადამიანები კარგავენ ნდობას თავიანთი მთავრობების მიმართ, ჩვენ მიმართ. თუმცა, არსებობს ბევრი კარგი მაგალითი. ახლახან, ვიმყოფებოდი უმშვენიერეს თბილისში, საქართველოში, რათა განმეხილა ჯანდაცვის მინისტრთან, ბატონ ზურაბ აზარაშვილთან, თუ როგორ მოახერხეს ფასების რეგულაციაზე, რეფერენტულ ფასებზე ერთიანი სამუშაოს წარმართვა, რამაც საბოლოოდ, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების 45%-ით შემცირების შესაძლებლობა შექმნა, რაც ნიშნავს, რომ ახლა, საქართველოს, ორჯერ მეტი [მედიკამენტების] შესყიდვის საშუალება აქვს,“ - განაცხადა კლუგემ. 
 
თამარ გაბუნიას თქმით კი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა დაფინანსება, რათა მიაღწიოს მომსახურების სრულ და ყოვლისმომცველ დაფარვას იმ ადამიანებისთვის, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო სერვისები, ასევე - ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. 


„მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა ქრონიკული დაავადებებისა და კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების გასაუმჯობესებლად. მნიშვნელოვანი ინიციატივები ხორციელდება წინა ხაზზე მყოფი პროვაიდერების მოტივაციის გასაუმჯობესებლად და კომპეტენციის ზრდისთვის, პაციენტების მოვლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. საქართველო აცნობიერებს მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა წლების განმავლობაში გლობალური ჯანდაცვის განვითარების მიმართულებით, რასაც ცხადყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცე ნება, მიაღწიოს ჯანმრთელობის საყოველთაო დაფარვას და ხელი შეუწყოს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.