ეპილეფსიის წამალი “დეპაკინი ხრონო” ქვეყანაში საკმარისი რაოდენობითაა და მისი დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.
ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა Jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ხელოვნური დეფიციტის შექმნის ის ვარაუდები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გამოითქვა, უმძიმესი ბრალდებებია, რომლებსაც, მისივე განცხადებით, პასუხი კონკურენციის სააგენტოს ფაქტებზე დაფუძნებულმა მოკვლევამ უნდა გასცეს. მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ სააგენტომ ცალკეული დისტრიბუტორების მხრიდან დარღვევები დააფიქსიროს, თუმცა ეს არ ნიშნავს შეთანხმებულ მოქმედებას და რთული დიაგნოზის მქონე პაციენტების განზრახ დაზარალებას, რაც, მარგველაშვილის შეფასებით, ყველაზე მძიმე ბრალდებაა, რაც კი ფარმაცევტულ სექტორს შეიძლება ვინმემ წაუყენოს.
„ეს წარმოუდგენელია. 25 წელია ამ სფეროში ვარ და მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. უშუალოდ მე არ მეხება დისტრიბუციის სფერო, თუმცა გამორიცხულია, ასეთი შეთანხმება იყოს კომპანიებს შორის.
როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რეგულირების სააგენტოს მიერ გაგზავნილმა თანამშრომლებმა ნახეს, რომ საწყობში მარაგები იყო, მაგრამ ამის ახსნა შეიძლება ტექნიკური ხარვეზით და არა იმით, რომ კომპანიები პაციენტებს შეგნებულად აზარალებდნენ. თანაც ეს ხომ არაა რიგითი დიაგნოზი. საუბარია საკმაოდ მძიმე დაავადებაზე. სახელმწიფომ შემოიღო რეფერენტული ფასები, მაგრამ კანონის თანახმად, კომპანიების გადასაწყვეტია, ამა თუ იმ წამალს შემოიტანს თუ არა - ეს კერძო ბიზნესია. მაგრამ მსგავსი ფაქტი არასდროს მომხდარა, რადგან ფარმაცევტულმა კომპანიებმა იციან, რომ მათ საქმე აქვთ ადამიანის ჯანმრთელობასთან. მესმის ჯანდაცვის სამინისტროსი, რომელიც აკონტროლებს ბაზარს და კითხვები აქვს, თუმცა აფთიაქებისგანაც ვიცი, რომ ასეთ ნაბიჯს არავინ გადადგამს. ეს საკითხი სამუშაო ფორმატში განხილვის თემა უნდა იყოს. კონკურენციის სააგენტო სწავლობს ამ საკითხს და ყველაფერი გაირკვევა,“- განაცხადა მარგველაშვილმა.
მან ასევე განმარტა, რომ “დეპაკინი ხრონოს” მწარმოებელი კომპანია „სანოფია,“ რომელმაც, გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო, ამ მედიკამენტის წარმოება შეამცირა, რაც სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის მოწოდებული პროდუქციის რაოდენობაზე აისახა. თუმცა მარგველაშვილი ამბობს, რომ მანამდე მედიკამენტი ზედმეტობით შემოდიოდა და, შესაბამისად, პარტიების შემცირებას დეფიციტი არ გამოუწვევია. Jandacva.ge-ს კითხვაზე - მაშინ რატომ ვერ შოულობდნენ ამ პრეპარატს მშობლები, რომლებიც „ფეისბუქის“ თემატურ ჯგუფში რამდენიმე კვირის განმავლობაში წერდნენ, რომ მედიკამენტი არცერთ ქსელში არ იძებნებოდა? - ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ გაუგებრობა პრეპარატების დასაწყობებიდან აფთიაქში განაწილებამდე პერიოდში წარმოქმნილმა ტექნიკურმა პრობლემებმა შექმნა.
მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ნაშთების მართვის ახალი სისტემა აამოქმედა, რაც საჭირო ცვლილებაა, თუმცა სისტემა, გადატვირთულობიდან გამომდინარე, ხარვეზებით მუშაობს.
„როგორც მინისტრმა თქვა, სისტემის გამო გაუგებრობა რომ არ მომხდარიყო, სწორედ ამ მიზნით გაგზავნეს საწყობებში მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები და მათ იქ მედიკამენტების მარაგები დახვდათ. ამის მიზეზი ისაა, რომ მედიკამენტების ლოჯისტიკა ურთულესი პროცესია და სწორედ ამ პროცესის დასრულებამდე მოხდა შემოწმება,“ - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილი jandacva.ge-სთან საუბარში ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ დეტალზეც საუბრობს: მისი თქმით, რეფერენტული ფასების ამოქმედებიდან მალევე, კომპანია „სანოფმა,“ სათავო ოფისთან შეთანხმებით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს დასახელებული მედიკამენტის ფასის შემცირებასთან დაკავშირებით და მისი გაზრდა ითხოვა. თუმცა, ირაკლი მარგველაშვილის თქმით, სამინისტროს გადაწყვეტილებამდე მწარმოებელს არ შეუჩერებია პრეპარატის საქართველოსთვის მოწოდება. საბოლოოდ, ჯანდაცვის სამინისტრომ ფასები არ გაზარდა და იგივე ღირებულება დააფიქსირა, რასაც მწარმოებლის მხრიდან პროდუქციის მიწოდებაზე უარი კი არ მოჰყოლია, უბრალოდ, მან შეცვალა კონტრაქტი დისტრიბუტორებთან და წამლის მოწოდება გააგრძელა.
შესაბამისად, ირაკლი მარგველაშვილის თქმით, არ არის სწორი განცხადება იმის შესახებ, რომ კომპანიები შეთანხმებული მოქმედებით ცდილობდნენ სამინისტროს იძულებას, გაეზარდა რეფერენტული ფასი.
ამასთან, მარგველაშვილი ხაზგაზმით აღნიშნავს, რომ თუ რომელიმე რეალიზატორის მხრიდან გამოიკვეთება დარღვევები, ის მკაცრად უნდა დაისაჯოს.
„ონკოლოგიური პრეპერატების საქმესთან დაკავშირებით კომპანიების დასახელება მოულოდნელი იყო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, განცხადებები, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ფარმაცევტული კომპანიების მიმართ კეთდებოდა, არასრულად მიწოდებული ინფორმაციის შედეგი იყოს. თუ რომელიმე კომპანია დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, ხოლო თუ არა, მაშინ მას ბოდიში უნდა მოვუხადოთ მის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო. იმედი მაქვს, კონკურენციის სააგენტოს ანალიზის საფუძველზე ორივე საკითხში სიმართლე გაირკვევა და, სხვადასხვა განცხადების მიუხედავად, საბოლოო შეფასება ინსტიტუციურად - კონკურენციის სააგენტოს მიერ დაიდება,“ - აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ: რეგულირების სააგენტოს მიერ 20 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე, დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა - კერძოდ, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე უწყებამ სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა.
საუბარია მედიკამენტზე “დეპაკინი ხრონო”, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება.
რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ “დეპაკინი ხრონო” (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია. საკითხით კონკურენციის სააგენტო დაინტერესდა, სადაც ამ ეტაპზე კომპანიების მხრიდან ახსნა-განმარტებებს ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყდება მოკვლევის დაწყების საკითხი.