თბილი თვეების დადგომასთან ერთად, საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი საშიში ინფექციების, მათ შორის, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებისა და ლაიმის დაავადების რისკი მკვეთრად იზრდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად, სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების - რეპელენტების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავება.


მნიშვნელოვანია, მოქალაქეები მოერიდონ ტყიან, მაღალი ბალახითა და ფოთლებით დაფარულ ადგილებში გადაადგილებას.

აუცილებელია ტანსაცმლისა და პირადი ნივთების დათვალიერება, ხოლო სახლში დაბრუნებისთანავე შხაპის მიღება. ეს ხელს უწყობს სხეულზე ტკიპის დროულ აღმოჩენას და მნიშვნელოვნად ამცირებს ლაიმის დაავადების განვითარების რისკს.


სხეულზე ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მოცილება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მალე, წვრილი დაბოლოების მქონე პინცეტის გამოყენებით. მნიშვნელოვანია მოჭიდება მოხდეს იმ ადგილას, სადაც ტკიპის პირი ეკვრის ადამიანის კანს.


ტკიპის მოშორების შემდეგ, აუცილებელია ნაკბენი ადგილისა და ხელების საფუძვლიანად დამუშავება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე ცვლილების, მათ შორის - მაღალი ტემპერატურის, თავის ტკივილის, კბენის ადგილას ქავილის ან სხვა პათოლოგიური ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში - მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ ექიმ-ინფექციონისტს