ფარმაცევტული სექტორისთვის კარგი იქნება, თუ რეფერენტული ფასების დაწესების პროცესი შენელდება და უფრო ფრთხილად წარიმართება - ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნა ქვეყანაში თითქმის ერთი წელია დაიწყო. რეფორმის თანახმად, ფარმაცევტულ კომპანიებს კონკრეტულ მედიკამენტებზე უწესდებათ ფასის მაქსიმალური ზღვარი, რომელზე ძვირადაც მათ წამლების გაყიდვა ეკრძალებათ.

ამ თითქმის ერთი წლის განმავლობაში ზღვრული ფასები 5 ათასზე მეტ მედიკამენტზე დაწესდა, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის თანახმად კი, უკვე 2024 წლის პირველ კვარტალში ის მიმოქცევაში მყოფ პრაქტიკულად ყველა პრეპარატზე უნდა გავრცელდეს, რაც დამატებით 2 ათასამდე მედიკამენტის მოცვას გულისხმობს.

რეფორმის დაწყებიდან დღემდე, აღნიშნულმა რეფორმამ კერძო სექტორის მხრიდან არაერთი უკმაყოფილება გამოიწვია. მათი მთავარი მოთხოვნაა, ფასების დაწესების შესახებ ინფორმაცია მათ 2-3 თვით ადრე მიიღონ და არა მხოლოდ ერთი თვით ადრე, რაც მოქმედი პრაქტიკით ხდება. 

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა ამ ეტაპზე კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ავიაგადაზიდვების ფასებმა 2-3-ჯერ მოიმატა, რის გამოც სექტორი ცდილობს, სახმელეთო გადაზიდვებით ისარგებლოს და უფრო დიდი მარაგები შექმნას, ხოლო როცა კონკრეტულ ფასად შეძენილი მედიკამენტების დიდ პარტიაზე ახალი ფასი წესდება, ეს ბიზნესს რისკის ქვეშ აყენებს. ამიტომ, როგორც ირაკლი მარგველაშვილი აღნიშნავს, საუკეთესო მოდელი იქნება, სექტორმა წლის დასაწყისში იცოდეს, რა გეგმები აქვს სამინისტროს მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, თუმცა, რადგან ამ ვადის დაცვა ვერ ხერხდება, მინიმუმ 2-3 თვით ადრე მაინც მიაწოდოს უწყებამ სექტორს შესაბამისი ინფორმაცია. 

„გვესმის, რომ რეფერენტული ფასების გამოყვანა ურთულესი პროცესია, ამას სჭირდება შესაბამისი ადამიანური რესურსი. ეს რესურსი, რაოდენობრივად, შესაძლოა ჰყავდეს სამინისტროს, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ეს ჩვენთვის სრულიად ახალი პროცესია და კადრებს გადამზადება სჭირდება. კომპანიებს დადგენილი ფასის ცვლილების მოთხოვნისა და საკუთარი არგუმენტების სამინისტროში წარსადგენად 15-დღიანი ვადა აქვთ, ჯანდაცვის სამინისტროში არსებულმა საბჭომ კი, რომელიც ფასებს ადგენს, პასუხი ერთთვიან ვადაში უნდა მოამზადოს. ამასობაში კი წამლები შეძენილია ძველ ფასად და ბიზნესს აქვს მოლოდინი, რომ ეს ფასი შეიცვლება, ის ფრთხილადაა, არ იცის, როგორ განვითარდება პროცესი. მთავარია, კომპანიებს წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია იმაზე, რა პრეპარატებზე გავრცელდება რეფერენტული ფასები. კარგი იქნება, თუ სამინისტროს გეგმა წლის დასაწყისში გამოქვეყნდება, მაგრამ თუნდაც 2-3 თვიანი ვადა რომ ჰქონდეს სექტორს, ის მოასწრებდა ახალ ფასებზე გადაწყობას და მომზადებას,“ - განაცხადა მარგველაშვილმა. 


შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდება.