მსოფლიოს ერთერთმა წამყვანმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Roche-მ 2023 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სექტორში გასულ წელს მიღწეული შედეგების წყალობით, ჯგუფის გაყიდვებმა პროგნოზებს გადააჭარბა და 58,7 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი შეადგინა. 
2023 წლის მეოთხე კვარტლისა და 2024 წლის იანვრის მონაცემების შეფასებისას, Roche Group-ის გენერალურმა დირექტორმა თომას შინეკერმა განაცხადა, რომ კოვიდპანდემიის გამო შემცირებული გაყიდვების არა მხოლოდ კომპენსაცია, არამედ შემდგომი გაუმჯობესებაც მოხერხდა.

„ჩვენ მივაღწიეთ კარგ პროგრესს როგორც ფარმაცევტულ პორტფელში, ისე დიაგნოსტიკური პროდუქტების მიმართულებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პერორალური მკურნალობის მეთოდის მესამე ფაზის კვლევა, რომელიც რთული ფორმის ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. კვლევამ პაციენტებში გარდაცვალების რისკის 50%-ით შემცირება აჩვენა. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ეს წამლები პაციენტებს. მეორეს მხრივ, ვგეგმავთ ახალ პარტნიორობას და შენაძენებს რთული დაავადებების სფეროში,“- განაცხადა შინეკერმა და აღნიშნა, რომ საუბარია  ნაწლავის ანთებით და კარდიომეტაბოლურ დაავადებებზე. 


იმ დროს, როცა Roche Pharmaceuticals-ის გაყიდვებმა 44,6 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს მიაღწია, რაც 6%-იან ზრდას ნიშნავს, კომპანიის სამკურნალო საშუალებების რეალიზაციამ ოფთალმოლოგიის, გაფანტული სკლეროზის, ჰემოფილიის, სისხლის კიბოს და ძუძუს სიმსივნის მიმართულებით 14,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 4,3 მილიარდი ფრანკით აღემატება. 

გარდა ამისა, კომპანიის ფარმაცევტული კვლევების გაძლიერებამ გამოიწვია ხარჯების 6%-იანი ზრდა და ამ მაჩვენებელმა 11,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი შეადგინა. 


კომპანიის კვლევის ძირითად მიმართულებად ონკოლოგია რჩება, ამასთან, მთავარი დრაივერი იმუნოთერაპია იყო. მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდო ნეირობიოლოგიის, ოფთალმოლოგიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით.

2024 წლის მოლოდინია, რომ Roche-ს გაყიდვები გაიზრდება და მისი დივიდენდებიც მოიმატებს. 
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კომპანიასთან აქტიურად თანამშრომლობ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამ კომპანიის წარმოებულ, მაღალხარისხიან მედიკამენტებს ყიდულობს გაფანტული სკლეროზით, ჰემოფილიით, სიმსივნით და სხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის. 

რამდენიმე კვირის წინ, სამინისტრომ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენის მიზნით, რის შედეგადაც ონკოპაციენტებისთვის ეს პრეპარატები მნიშვნელოვნად გაიაფდა და, შესაბამისად, მათ სახელმწიფო მკურნალობის სრულ კურსს უფინანსებს.