2023 წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 100,1%-ით შესრულდა - ფაქტობრივმა შესრულებამ 7 მლრდ 117 მლნ 759 ათასი ლარი შეადგინა.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დეპუტატებმა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინეს.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 21 მლრდ 640 მლნ ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 22 მლრდ 124 მლნ 175.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.2%. გადაჭარბებით შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტიც. საპროგნოზო მაჩვენებელი 18 მლრდ 239 მლნ 900.0 ათასი ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 18 მლრდ 716 მლნ 484.4 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.6%.
კაკაურიძის განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დასაფინანსებლად გეგმა განისაზღვრა 1 მლრდ 713 მლნ 758.1 ათასი ლარით, საკასო შესრულებამ შეადგინა 1 მლრდ 709 მლნ 854.6 ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმური მაჩვენებლის 99.8%. მათ შორის: სამედიცინო პროდუქციის, მოწყობილობების და აპარატების დაფინანსებამ შეადგინა წლიური გეგმის 100.0%; ამბულატორიული მომსახურების დაფინანსებამ - 100.0%; საავადმყოფოების მომსახურების დაფინანსებამ - 104.5%; საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების დაფინანსებამ - 100.0%; ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობის ასიგნებების დაფინანსებამ -88.1%.
სოციალური დაცვის სფეროს დასაფინანსებლად გეგმა განსაზღვრული იყო 5 მლრდ 737 მლნ 383.7 ათასი ლარი, საკასო შესრულებამ შეადგინა 5 მლრდ 735 მლნ 021.8 ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმური მაჩვენებლის 100.0%. მათ შორის: ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის დაფინანსებამ შეადგინა წლიური გეგმის 100.0%; ხანდაზმულთა სოციალური დაცვის დაფინანსებამ - 100.0%; ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის დაფინანსებამ - 100.0%; საცხოვრებლით უზრუნველყოფის დაფინანსებამ - 100.0% და ა. შ.
კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა.