არსებული მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო სპეციალისტების საკმარის რაოდენობასა და გეოგრაფიულ მოცვას.

ამის შესახებ ნათქვამია სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების აუდიტის ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად,  ბოლო სტატისტიკით, საქართველოს 100,000 მოსახლეზე 606 ექიმი და 595 პროფესიულად აქტიური ექთანი ჰყავს, რომლებიც არათანაბრად არიან გადანაწილებული.

კერძოდ, 2021 წლის მდგომარეობით, პროფესიულად აქტიური ექიმების უმეტესობა (58%) კონცენტრირებული იყო თბილისში;

ანგარიშში მოყვანილია საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ კვლევა, რომლის მიხედვით, თბილისს, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 30% ცხოვრობს, დაახლოებით, 15,000 ექიმი ემსახურება. მოსახლეობის დანარჩენ 70%-ს კი – მხოლოდ 8,000 ექიმი ემსახურება.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ დაბალია ექიმების პროდუქტიულობა და გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს გარემოება ნაწილობრივ ექთნების დეფიციტითაც არის განპირობებული.

აუდიტის სამსახურის თანახმად, ექთნების უმეტესობა ასევე დასაქმებულია დედაქალაქში. 100,000 მოსახლეზე თბილისში ფიქსირდება 828 ექთანი. ეს რიცხვი მოსახლეობის იმავე რაოდენობისთვის თითქმის სამჯერ ნაკლებია გურიაში, დაახლოებით, ორჯერ ნაკლებია−ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, ასევე შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში;

შედარებისთვის: საქართველოს ექიმების რაოდენობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლებს, ხოლო ექთნების რაოდენობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება. იქ ერთ ექიმზე საშუალოდ 2-3 ექთანი მოდის.


სამედიცინო სფეროში არსებული გამოწვევის გადასაჭრელად, საქართველოში მოქმედებს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა, რომელშიც ჩართვა მხოლოდ რამდენიმე საექიმო სპეციალობისთვისაა სავალდებულო. ექთნების შემთხვევაში კი, საერთოდ არ არსებობს კვალიფიკაციის დამადასტურებელი ისეთი პროცედურა, როგორიცაა, სერტიფიცირება ან/და ლიცენზირება.


ექიმებისათვის ერთადერთი კომპეტენციის განმსაზღვრელი სახელმწიფო ბერკეტია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დასაწყებად სავალდებულო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, რომლის ტესტების 75% წინასწარ არის ხელმისაწვდომი.


შეგახსენებთ, რომ ექთნების დეფიციტს თავად ჯანდაცვის სამინისტრო სფეროს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებს. სამთავრობო გეგმის თანახმად, 2030 წელს სამედიცინო დაწესებულებებში ექიმებზე 2-ჯერ მეტი ექთანი იმუშავებს. ასევე იგეგმება ექთნების ჩართვა უწყვეტი განათლების სისტემაში.