2030 წელს ჰოსპიტლებში ერთ ექიმზე 2,5 ექთანი უნდა მოდიოდეს. 2021 წლის მაჩვენებლით კი ერთ ექიმზე ერთი ექთანიც არ მოდიოდა. ასეთია „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ 2024 წლის სამოქმედო გეგმაში მოყვანილი სტატისტიკა და გეგმები. აღნიშნული დოკუმენტი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ექთან-ექიმის შეფარდება ჰოსპიტალურ სექტორში 2021 წლის მაჩვენებლით 0,6:1 იყო, 2024 წელს უნდა გახდეს  1,3:1, 2027-ში 2:1, ხოლო 2030-ში 2.5:1. 
 

რაც შეეხება იგივე შეფარდებას პირველად ჯანდაცვაში, 2021 წლის მონაცემებით ამ სექტორში ერთ ექიმზე 1 ექთანი მოდიოდა, 2027 წლისთვის ეს მონაცემი უნდა იყოს 1,5:1, ხოლო 2030-ში 1 ექიმზე ორი ექთანი უნდა მოდიოდეს. დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის ბოლო კვარტლისთვის უნდა მომზადდეს საექთნო ადამიანური რესურსის განვითარების სამოქმედო გეგმაც.


ექთნების დეფიციტი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ერთერთ გამოწვევად სახელდება და სახელმწიფო ამ ვითარების შეცვლას ახალი კანონმდებლობით ცდილობს, რომლის თანხმად, ცვლილებები შედის ტერმინოლოგიაში და „ბებიაქალის“ ნაცვლად დამკვიდრდება გენდერულად ნეიტრალური ტერმინი „მეანი-ექთანი“, რაც მეანისა და ექთნის პროფესიებში მამაკაცების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, განათლების მიხედვით, მოხდება ექთნების და მეანი ექთნების წოდებრივი რანჟირება, როგორც დასავლეთის ქვეყნებშია.  სერტიფიცირებული ექთანი არის პროფესიული საექთნო ან მეანი-ექთნის საგანმანათლებლო კურსდამთავრებული. შემდეგ მოდის რეგისტრირებული ექთანი, რომელსაც მოეთხოვება უმაღლესი განათლება - ბაკალავრიატი. კანონით ასევე განისაზღვრება უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი, რომელსაც მოეთხოვება საექთნო სამაგისტრო პროგრამის კურსის გავლა. ასევე შემოდის საექთნო სპეციალიზაცია მსგავსად ექიმებისა, რომლებიც პედიატრიის, ნევროლოგისა და სხვა სფეროების სპეციალისტებად იყოფიან. ეს ჩამონათვალი კანონქვემდებარე დონეზე განისაზღვრება.


ექთნები და მეანი ექთნები უწყვეტი განათლების სისტემაში ჩაერთვებიან და 5-წლიან სერტიფიკატებს მიიღებენ.
2025  წლიდან ექთნებს და მეანებს მხოლოდ რეგისტრაცია მოეთხოვებათ, რისთვისაც მხოლოდ საგანმანათლებლო დოკუმენტები უნდა წარადგინონ.  ახალ კურსდამთავრებულებს კი 2025 წლიდან გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამასთან, ექთნის პროფესია, ექიმის მსგავსად რეგულირებადი იქნება. 


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექიმისა და ექთნებისთვის სახელმწიფოს  მინიმალური საათობრივი ანაზღაურება აქვს დაწესებული, რომელზე დაბალი ხელფასების პერსონალისთვის შეთავაზებაც კლინიკებს აკრძალული აქვთ.