კლინიკური სექტორი იმ ცვლილებებს აპროტესტებს, რომლებიც რეგულირების სააგენტოს მათი შემოწმების უფლებას ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე აძლევს.

სექტორისთვის გაუგებარია, რატომ ხდება რეგულაციების გამკაცრება დაჩქარებული წესით და რას ემსახურება ის ცვლილება, რომელიც მარეგულირებელს კლინიკის შემოწმების უფლებას სასამართლოს ნებართვის გარეშე აძლევს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტზე აღნიშნული კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა დიარჯის ამოქმედებამ გამოიწვია. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დაგეგმილი შემოწმების შესახებ კლინიკა სასამართლოსგან შეტყობინებას მიიღებს, შესაძლოა, დოკუმენტაციიდან წაიშალოს საფუძვლები, რაც რეგულირების სააგენტოს სჭირდება.

„ერთადერთი ცვლილება, რომელიც სასამართლოს მოქმედებასთან მიმართებაში ხდება, შეეხება სასამართლოს თანხმობას მარეგულირებელი შევიდეს კლინიკაში, რაც დღეს არც წარმოადგენს ფილტრს, რადგან არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რეგულირების სააგენტოს მიმართვა მოკვლევის დაწყების თაობაზე. შეტყობინების გარეშე შესვლა დასავლური პრაქტიკაა და ინვესტორები არ ფრთხებიან ამ პრაქტიკით. პირიქით, ინსპექტორი უფრო რეალურად აფასებს სიტუაციას,“ - განმარტა თამარ გაბუნიამ.

მან ასევე მოიყვანა ფაქტები, როცა, გეგმიური შემოწმების შემდეგ კლინიკამ, რომელმაც ერთ ლოკაციაზე მიიღო ნებართვა, მოთხოვნილი აპარატურა სხვა ლოკაციაზე გადაანაცვლა, რათა იქაც იგივე აპარატურის წარდგენის საფუძველზე მიეღო ნებართვა.

მისივე თქმით, შემთხვევათა 5%-ში კლინიკები ასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი დროის მოგებას ცდილობენ.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ლიცენზიის შეჩერების ნაწილში სასამართლოს რგოლი არ ვარდება და მარეგულირებლის ამ გადაწყვეტილბას სასამართლოს დადასტურება სჭირდება.

ცნობისთვის: დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, პაციენტის სარჩელის საფუძველზე რეგულირების სააგენტოს კლინიკაში შესასვლელად და მოკვლევის დასაწყებად სასამართლოს  შუამდგომლობა სჭირდებოდა და პროცესი ჭიანურდებოდა, ცვლილებების შემდეგ სააგენტოს დაუყოვნებლივ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ექნება სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის უფლება. გარდა ამისა, მკაცრდება და რამდენჯერმე იზრდება დარღვევებზე ჯარიმები.