ბოლო პერიოდში ბალნეოლოგიურ მომსახურებაზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში იზრდება. ცხოვრების ჯანსაღ წესზე ზრუნვას საქართველოშიც სულ უფრო მეტი ადამიანი აქცევს ყურადღებას. ამ ტრენდთან ერთად კი სერვისის მიმწოდებლები თანამედროვე აპარატურას საჭიროებენ. 


„მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგის დამფუძნებლის ლევან ქობალიას თქმით, აღნიშნული ტრენდის გათვალისწინებით, მათ დაიწყეს აპარატურის შეთავაზება ბალნეოლოგიური სერვისების მიმწოდებლებისთვის. მათ შორისაა ახალი თაობის ფიზიოთერაპიის აპარატები. ასევე აქცენტი კეთდება ესთეტიკური მედიცინის დანადგარების იმპორტზე.

ქობალია თანამედროვე მედიცინის კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, პერსონალიზებულ მკურნალობასა და გენეტიკურ კვლევებზე აკეთებს აქცენტს და ამ მიმართულებით ლაბორატორიებს ავითარებს.  
სწორედ ამ თემას მიეძღვნა ბათუმში გამართული სამედიცინო კონფერენცია სახელწოდებით „გენეტიკური კვლევები პერსონალიზებულ მედიცინაში“. მასში 100-მდე ქართველი და უცხოელი ექიმი იღებდა მონაწილეობას.

ლევან ქობალია ამბობს, რომ გენეტიკური კვლევები და პერსონალიზებული  მედიცინა დარგის მომავალია. მისი განვითარებისთვის კი საჭიროა, პაციენტებს ჰქონდეთ წვდომა ამ სერვისებზე.

„კონფერენციის მიზანი იყო, გენეტიკური კვლევების როლი მედიცინაში გაიზარდოს და უფრო მეტ პაციენტს ჰქონდეს საშუალება, გენური პათოლოგიების კვლევები სრულყოფილი იყოს. 


გენეტიკური კვლევები ლაბორატორიის განვითარების მომავალია, პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა გამოიკვლიონ, რომელ გენზე რა მუტაციაა და იმ მუტაციის მიხედვით შესაბამისი პროტოკოლებით იმკურნალონ,“ - განმარტა ლევან ქობალიამ. 

მისი თქმით, 14 ქალაქში განთავსებულ ლაბორატორიებში, კლინიკურ კვლევებთან ერთად, გენეტიკური კვლევების ჩატარებაც შესაძლებელია. პირველ შემთხვევაში ანალიზის პასუხებს პაციენტი 24 საათში იღებს, გენეტიკური კვლევებისთვის კი, რომლისთვისაც ნიმუშები ანკარას გენეტიკურ ლაბორატორიაში იგზავნება, ორი კვირიდან ერთ თვემდე პერიოდია საჭირო. ასევე ტარდება სექვენირება, რამაც, კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა 3 თვემდე პერიოდი მოიცვას.

„მედიქალ ვორლდი“ ბაზარზე 2017 წლიდანაა წარმოდგენილი. კომპანია ასევე ავითარებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას - „მედ 11“.