ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ბაზრის მოცულობა 2023 წლის 414 მილიარდი დოლარიდან 2031 წლისთვის 545 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ამ პერიოდში მისი ზრდის საშუალო წლიური ტემპი 3,5% იქნება. 
მონაცემებს გამოცემა www.skyquestt აქვეყნებს.

ეს ბაზარი გულისხმობს ისეთ სერვისებსა და პროდუქტებს, რომლებიც უკავშირდება პროფილაქტიკას, მკირნალობას და ფსიქიკური დარღვევების მართვას. ბაზარი ასევე მოიცავს ფარმაცევტულ პრეპარატებს, ფსიქოთერაპიას, ციფრული ჯანდაცვის სისტემებსა და სხვა თერაპიულ ჩარევებს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ბაზრის მიზანია მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის შეთავაზება ადამიანებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემა აქვთ.

სექტორის ზრდის მთავარი ფაქტორია ფსიქიკური დარღვევების გავრცელება მთელ მსოფლიოში. ამასთან, იზრდება მოსახლეობის ინფორმირებულობა და პრობლემების აღიარება ამ მიმართულებით.

ტექნოლოგიებისა და კვლევების სფეროში არსებულმა მიღწევებმა შესაძლებელი გახადა მკურნალობის ინოვაციური ვარიანტების შექმნა, მათ შორის ციფრულ ჯანდაცვაში. 

თუმცა ბაზრის კიდევ უფრო განვითარების ხელის შემშლელი ფაქტორია სტიგმა, რომელიც ფსიქიკურ დაავადებებს უკავშირდება. ამ სტიგმის გამო უამრავი ადამიანი თავს იკავებს სპეციალისტთან მისვლისგან.


ამასთან, ფსიქიკური ჯანმრთელობის წინაშე არსებული ყველაზე დიდი პრობლემაა ამ სფეროს კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. 

კიდევ ერთი პრობლემაა გრძელვადიანი დაფინანსებისა და პროგრამების მხარდაჭერის არარსებობა. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ბაზარი ზრდისა და ინოვაციებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობას მოიცავს, მათ შორის პერსონალიზებული და მაღალი სიზუსტის მკურნალობის მეთოდებს. 

ფსიქიატრიული სერვისები მოიცავს გადაუდებელ დახმარებას (მაგალითად, როცა არსებობს სუიციდის ან თვითდაზიანების საფრთხე, მძიმე შფოთვები და სხვა), ამბულატორიულ სერვისებს, პედიატრიულ მიმართულებას, ასევე სტაციონარს, სახლში მკურნალობას და სხვა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ბაზარზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტელემედიცინა, რომელიც ადამიანებს დისტანციურ მომსახურებებს სთავაზობს. მათ შორისაა ტელეფსიქიატრია და ტელეთერაპია.

ციფრული თერაპიისთვის გამოიყენება აპლიკაციები, ვირტუალური რეალობის სისტემები და კოგნიტურ- ქცევითი თერაპიის ონლაინ-პროგრამები.  ისინი გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ისე მედიკამენტების პარალელურად.