სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგების გაზრდის მიუხედავად, დადებითი ეფექტი რეალურად უმნიშვნელოა,რადგან ქვეყნის სადაზღვევო ბაზარზე დაბალი მოცვაა  -  ასე აფასებს „ბიზნესპარტნიორთან“  სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი  დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის  მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის მაჩვენებლებს.

როგორც  ცნობილია, 2023 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება ₾34.5 მლნ-ით გაიზარდა და 73.5 მილიონი ლარი შეადგინა.

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტის შეფასებით, 2023 წლისთვის პანდემიური გამოწვევები სრულად დაძლეულია და კომპანიები პორტფელებს უკეთესად მართავენ, რაც მოგების მაჩვენებლებზეც ადეკვატურად აისახა. ამასთან, ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ შედეგით უკმაყოფილოა.

"მთელი სადაზღვევო ინდუსტრიისთვის 73.5 მლნ ლარიანი წმინდა მოგება დიდად არაფერს ნიშნავს, როცა 18 კომპანიაზეა საუბარი. ციფრი ჩანს, რომ გაიზარდა, რადგან  გასულ წლებში იყო მცირე მოგება და ასე გამოჩნდა. ამ დროს სექტორში უზარმაზარი აქტივებია ჩადებული. არასტაბილურობა იყო ბაზარზე, რაც თანდათან მოწესრიგდა და გარკვეულ შედეგამდე გავიდნენ,  ცხადია, ეს საკმარისი არ არის, მაგრამ განვითარების შესაძლებლობას იძლევა და ამ მხრივ სტატისტიკა დადებითია.

ამასთან, ყველაზე კრიტიკული მიმართულება არის ჯანდაცვა, ვინაიდან მასობრივი პროდუქტია და  ყველაზე პატარა მარჟები ამ სეგმენტშია.  აქაც აშკარად დასტაბილურდა სიტუაცია, ამის მაგალითია ისიც, რომ სუფთა მოგებას აღწევს კომპანია, მაგალითად, "იმედი L", რომელიც მხოლოდ ამ სფეროშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, ტარიფების მართვა მოხდა ბაზარზე. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები ამ მხრივ რაღაც შედეგს იძლევა, კომპანიების დანახარჯზე დადებითი ეფექტი აქვს. ამ ყველაფრის მიუხედავად, წმინდა მოგების სტატისტიკა  დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის, როცა მოცვა არის ძალიან მცირე. ვიტყოდი, რომ ეს იყო ბუნებრივი პროცესი, რასაც კომპანიებმა დამატებითი ხელშეწყობის გარეშე მიაღწიეს“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

მისი განმარტებით, სამედიცინო დაზღვევაში 720 944 ადამიანის ჩართვა შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ სამაგიეროდ დანარჩენ მიმართულებებში ჩავარდნაა. მაგალითად, ავტოდაზღვევაში, სადაც მეათედიც აღარ არის მოცვა - 1.7 მლნ ავტომობილიდან 126 065 დაზღვეული.

"გამოწვევაა, რომ მოცვა იზრდება ნელა და ეს ტრადიციულად ცნობილია.  რა ზრდის მოცვას და რა ზრდის კულტურას, რომ მეტი ხალხი შედის სადაზღვევო ურთიერთობებში, ნახონ  სიკეთე, სტაბილურობა, კარგი სერვისი. ამის ყველაზე კარგი  ინსტრუმენტი უკლებლივ ყველა ქვეყანაში  სავალდებულო დაზღვევის არსებობაა, რომელიც ჩვენთან არ არის,"-აცხადებს ხეჩინაშვილი.

მისი შეფასებით, ის მექანიზმები, რაც მთელ მსოფლიოში  აპრობირებულია, მათ შორის, სავალდებულო დაზღვევა, საქართველოში არ არის გამოყენებული.

ცნობისთვის, სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგებამ  73,5 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი  39 მლნ ლარი იყო. 2023 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 063,6 მილიონი ლარი შეადგინა.

bp.ge